-
Aa
+
ფონტის ზომა
დინამო თბილისიდან დაწყებული საფეხბურთო კარიერა
თემურ ქეცბაიას პროფესიონალური საფეხბურთო კარიერა 1987 წელს, თბილისის დინამოს ლეგენდარულ გუნდში დაიწყო. სოხუმიდან ჩამოსულმა 19 წლის ქეცბამ მალევე შეძლო თავი დაემკვიდრებინა ისეთი ლეგენდების გვერდით, როგორებიც იყვნენ, რამაზ შენგელია, ზაურ სვანაძე, თენგიზ სულაქველიძე, ალექსანდრე ჩივაძე, ოთარ გაბელია და სხვები.
დინამოდან ქეცბაია კვიპროსში გადაბარგდა, სადაც ფამაგუსტას ანორთოსისის ლეგენდა გახდა, შემდეგ კი საბერძნეთის დედაქალაქს მიაშურა და ათენის აეკის შავ-ყვითელი მაისური მოირგო. ქართველის ბრწყინვალე თამაში არც ფეხბურთის შემქმნელებს გამორჩენიათ. 1997 წელს ქეცბამ პრემიერლიგას მიაშურა. ქართველი ნიუკასლის ფანების საყვარელ მოთამაშედ იქცა. სწორედ ქეცბაიას გოლით გავიდნენ კაჭკაჭები ჩემპიონთა ლიგაზე პირველად. კენი დალგლიშისგან განსხვავებით, რუდ გულიტმა და ბობი რობსონმა ქართველის შრომა ნაკლებად დააფასეს, სამი პრემიერლიგური სეზონის შემდეგ თემური ვულვერჰემტონ უონდერერსში გადაბარგდა, იქიდან კი შოტლანდიისკენ გაეშურა - ქეცბამ დანდი იუნაიტედში ერთი სეზონი დაჰყო. 2002 წელს თემური ანორთოსისში დაბრუნდა, საიდანაც უკვე მისი სამწვრთნელო კარიერა იწყება.
მოთამაშე მწვრთნელობიდან ჩემპიონთა ლიგამდე
2004 წელს თემური ფამაგუსტას ანორთოსისის მოთამაშე-მწვრთნელი ხდება. ქართველის გუნდი პირველივე სეზონში იგებს ქვეყნის ჩემპიონატს და ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპამდეც გადის. აქედან სამი წლის შემდეგ, ქეცბა კვიპროსის ფეხბურთის ისტორიას წერს და ანორთოსისი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გაჰყავს. ფამაგუსტას გუნდი გახდა პირველი, რომელმაც ევროპის უმაღლეს სცენაზე კვიპროსიდან ითამაშა. ამ შუალედში ქეცბაია კიდევ ერთხელ გახდა ქვეყნის ჩემპიონატისა და თასის გამარჯვებული.
2008 წელს “სანდეი მირორთან” ინტერვიუში თემურმა ნიუკასლის მთავარი მწვრთნელის ვაკანტური პოზიციის მიმართ თავისი ინტერესი გამოთქვა:
მე მქონდა პატივი ვყოფილიყავი ნიუკასლის წევრი როგორც მოთამაშე და რატომ არა - როგორც მწვრთნელი?
ინგლისში დაბრუნება არ გამოვიდა. 2009 წლის მაისში თემური ბერძნული ფეხბურთის ფლაგმანის, ოლიმპიაკოსის მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. თანამშრომლობამ დიდხანს არ გასტანა - გულშემატკივრებთან კონფლიქტის საფუძველზე ქეცბაიამ გუნდი 4 თვეში დატოვა, მიუხედავად იმისა, რომ ამ პერიოდში ოლიმპიაკოსს გოლი არ ჰქონდა გაშვებული.
საქართველოს ნაკრები
თემურის უმუშევრობა სულ რაღაც ორი თვე გაგრძელდა. 2009 წლის ნოემბერში ქეცბაია საქართველოს ნაკრებს ამჯერად უკვე მთავარი მწვრთნელის რანგში დაუბრუნდა. ნაკრებს, რომლის მაისურითაც ქეცბას 52 შეხვედრა აქვს ჩატარებული და 17 გოლიც აქვს გატანილი.
თემურმა ეროვნულ გუნდში ხუთი წელი იმუშავა. ორი ევროპისა და ერთი მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი, ასევე თვრამეტი ამხანაგური შეხვედრა - სულ 40 თამაშში: 13 მოგება, 9 ფრე და 18 მარცხი. ამ პერიოდში იყო 10-მატჩიანი წაუგებელი სერია, რომელიც 2022 წლამდე, ეროვნული ნაკრების რეკორდული მაჩვენებელი იყო.
5 წლის თავზე, ეროვნული ნაკრების არც ისე სახარბიელო შედეგების მიუხედავად, გულშემატკივართა უმრავლესობა ქეცბაიას ნაკრებში დარჩენის მომხრე იყო. ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ბოლო მატჩის წინ, საზოგადოებრივ მაუწყებელში სტუმრად მყოფმა ქეცბაიამ დაადასტურა, რომ პოლონეთთან ნაჩვენები ნებისმიერი შედეგის მიუხედავად, დატოვებდა ნაკრებს:
წაგების შემთხვევაში, ორივე ხელებს ვწევ. ფრის შემთხვევაშიც მივდივარ, ორივე ხელს ვწევ და მოგების შემთხვევაში დიდი სიამოვნებით წავალ… უფრო მეტი სიამოვნებით წავალ.
კვიპროსი, საბერძნეთი და რუსეთი
ნაკრებიდან წასულმა ქეცბაიამ ამჯერად კვიპროსის ყველაზე დიდი გუნდი, ნიქოზიის აპოელი ჩაიბარა. ჩემპიონატის ლიდერობის მიუხედავად, ხელმძღვანელობამ თემურს თასის ნახევარფინალში, ლიმასოლის აპოლონთან მარცხი არ აპატია და ჩემპიონატის დასრულებამდე ოთხი ტურით ადრე თანამდებობიდან გაათავისუფლა. ოთხი ქულით წინ მყოფი გუნდი მაინც გახდა ქვეყნის ჩემპიონი და ქეცბას ტიტულების კვიპროსულ კაბინეტს მესამე ჩემპიონობა შეემატა.
შემდეგ იყო ათენის აეკიში და რუსულ ორენბურგში გატარებული მცირე პერიოდები, ოჯახური მიზეზების გამო შეწყვეტილი სამწვრთნელო კარიერა და კვლავ ანორთოსისში დაბრუნება.
ქეცბაიამ გუნდი ქართველებით დააკომპლექტა - გიორგი ლორია, მურთაზ დაუშვილი, თორნიკე ოქრიაშვილი, გიორგი ქვილითაია და ნიკა კაჭარავა. “ქართულ-კვიპროსულმა ანორთოსისმა” თასის ფინალში გიორგი ქვილითაიას 110-ე წუთზე გატანილი გოლით ომონია დაამარცხა და თემურს მეხუთე კვიპროსული ტიტული მოუტანა.
2022 წელს ქეცბაიამ კვიპროსის ნაკრები ჩაიბარა. ორწლიანი წარუმატებელი მუშაობის შემდეგ კი კვლავ ანორთოსისში დაბრუნდა.
ქეცბასთვის დაბრუნებები ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ჩვენ ისღა დაგვრჩენია, ვიმედოვნოთ, რომ მშობლიურ თბილისის დინამოში დაბრუნება მის ცხოვრებაში ყველაზე წარმატებული აღმოჩნდება.

ნიკოლოზ კვარაცხელია
კომენტარები