ამსტერდამის აიაქსმა ჯონი ჰეიტინგა მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დაითხოვა და მის შემცვლელს ეძებს. გუნდს დროებით ფრედი გრიმი ჩაიბარებს, მაგრამ მასთან, თუნდაც რამდენიმეთვიანი, მუშაობა ხელმძღვანელობის გეგმებში არაა.
ნიდერლანდების რეკორდსმენ 36-გზის ჩემპიონს ერედივიზიეს მიმდინარე სეზონის 12 ტურში 20 ქულა აქვს და ლიდერ პსვ-ს 11 ქულით ჩამორჩება. ჩემპიონთა ლიგაზე კი საერთოდ სამარცხვინოდ გამოდის - 4 ტურში ქულა არ აუღია და ბურთების შეფარდება 1:14-თან აქვს.
NL TIMES-ის მიხედვით, ერიკ ტენ ჰაგისგან მიღებული უარის შემდეგ, დედაქალაქელთა ხელმძღვანელობას 5 კანდიდატი ჰყავს: პოლ სიმონისი, ფრანკ დე ბური, მარკ ვან ბომელი, უილ სტილი და ედინ ტერზიჩი.
გამოცემა ყველაზე რეალურ ვარიანტად მიიჩნევს 40 წლის სიმონისს, რომელიც ვოლფსბურგიდან რამდენიმე დღის წინ გაათავისუფლეს. ბუნდესლიგაში წასვლამდე, სიმონისმა ნიდერლანდურ იგლზში წარმატებულად იმუშავა და გუნდს 1933 წლის შემდეგ პირველი ტიტული მოაგებინა - ქვეყნის თასი (ფინალში ალკმაარს აჯობეს).
გერმანული Sky Sport-ის თქმით, სიმონისს აიაქსი ჯერ კიდევ მაშინ დაუკავშირდა, როცა ის ვოლფსბურგის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან წამოსული არ იყო.
ასევე რეალისტურია ვან ბომელის კანდიდატურაც. პსვ-ის ლეგენდა წელიწადზე მეტია თავისუფალია - ბელგიური ანტვერპენი 2024 წლის ზაფხულაში დატოვა, იქამდე კი, 2022-23 წლების სეზონში, გუნდს ბელგიის ჩემპიონობა 1957 წლის შემდეგ პირველად მოაგებინა. შემაფერხებელი ფაქტორი სწორედ მისი, ისტორიული კონკურენტის ლეგენდის, სტატუსი შეიძლება იყოს.
რაც შეეხებათ სტილსა და ტერზიჩს, ისინი ელიტარული სახელებია და ასეთ მდგომარეობაში მყოფ აიაქსს ნებისმიერი მათგანის დაყოლიება გაუჭირდება. ფრან დე ბური კი შინაური კაცია და თუკი პრიორიტეტულ ვარიანტებთან არაფერი გამოვა, მას ამ შემთხვევაში მიაკითხავენ.
ამსტერდამელთათვის კარგი ისაა, რომ სანაკრებო შესვენებაა და ახალი დამრიგებლის მოსაძებნად შედარებით მეტი დრო ექნებათ.
ინფორმაციისთვის ვთქვათ, რომ ტენ ჰაგმა აიაქსი 2022 წლის ივნისში დატოვა და მას შემდეგ გუნდში მწვრთნელი 6-ჯერ შეცვალეს - ახალი დამრიგებელი ბოლო 3.5 წელში გუნდის მე-7 მწვრთნელი იქნება.