ევროპის ძიუდოს კავშირი (EJU) ოფიციალურ ვებგვერდზე ეთერ ლიპარტელიანის შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს და მას „საოცარი ძალისა და გამძლეობის პატრონს“ უწოდებს.
ორგანიზაცია ხაზს უსვამს, რომ ჩემპიონობისთვის ძალასთან, დისციპლინასა და ტექნიკასთან ერთად, უდიდესი ფსიქოლოგიური მდგრადობაა საჭირო. ქართველმა ძიუდოისტმა შარშანდელის მსგავსად, წელსაც მოახერხა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გასვლა, თუმცა ამჯერად ვიცე-ჩემპიონობას დასჯერდა.
წლევანდელი ტურნირი ეთერისთვის ორმაგად რთული და განსხვავებული აღმოჩნდა, რადგან ის ტატამიზე არა როგორც ტიტულის მაძიებელი, არამედ უკვე როგორც მოქმედი ჩემპიონი ისე წარდგა. ამას დაემატა უმძიმესი ფიზიკური ბარიერიც - ჩემპიონატამდე ორი კვირით ადრე, ვარჯიშზე ერთ-ერთი დაცემისას, მან ნეკნის ტრავმა მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ ტურნირის გამოტოვების რეალური საშიშროება არსებობდა, ლიპარტელიანმა ასპარეზობა ტკივილგამაყუჩებლებით გააგრძელა, წარმოუდგენელი გამძლეობა აჩვენა, ფინალამდე მივიდა და მხოლოდ იაპონელ მეტოქესთან დამარცხდა.
თავად სპორტსმენი ინტერვიუში აღნიშნავს, რომ ტურნირს სრულ მზადყოფნაში შეხვდა, თუმცა ტრავმის გამო საკუთარი შესაძლებლობების ბოლომდე წარმოჩენა ვერ მოახერხა, განსაკუთრებით კი დასკვნით შეხვედრაში. ეთერი განსაკუთრებულ მადლობას უხდის მწვრთნელებსა და ფსიქოლოგებს, რომლებიც მას მთელი ჩემპიონატის განმავლობაში გვერდში ედგნენ და დამატებით მოტივაციას აძლევდნენ.
სწორედ ფსიქოლოგების დახმარების შედეგად მოვახერხე ის, რომ ტრავმაზე არ მეფიქრა. თუმცა, ფინალში ტკივილმა ძალიან შემაწუხა, რამაც საბოლოო შედეგზეც ზეგავლენა მოახდინა. გული მწყდება, მაგრამ იმასაც კარგად ვაცნობიერებ, რომ არაფერი დამიკლია და მაქსიმუმი გავიღე