ბაქოში ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატის ბოლო დღეს საქართველოს ნაკრებმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!
საქართველოს ნაკრები გუნდურ ასპარეზობაში მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის სტატუსით წარსდგა.
ჩვენმა გუნდმა პირველ ეტაპზე გამარჯვება იტალიასთან მოიპოვა (4-1) და მსოფლიო ჩემპიონატის 1/4 ფინალში გავიდა.
იტალიელებთან თავიანთი შეხვედრები ირაკლი დემეტრაშვილმა, ეთერ ლიპარტელინმა, გიორგი ლოლაძემ და ლუკა მაისურაძემ მოიგეს.
1/4 ფინალში საქართველოს ნაკრები უზბეკეთს შეხვდა და დაძაბულ ბრძოლაში 3-4 დამარცხდა.
თავიანთ შეხვედრებში ეთერ ლიპარტელიანმა, ნინო გულბანმა და ლაშა ბექაურმა გაიმარჯვეს, გიორგი ლოლაძე, ირაკლი დემეტრაშვილი და სოფიო სომხიშვილი (2-ჯერ) კი დამარცხდნენ.
საქართველოს ნაკრებმა ასპარეზობას რეპეშაჟში ბრინჯაოს მედლისთვის გააგრძელა, სადაც საფრანგეთს დაუპირისპირდა.
ჩვენმა გუნდმა მეტოქე დაძაბულ ბრძოლაში 4-3 დაამარცხა. ქართველებიდან თავიანთი დაპირისპირებები ეთერ ლიპარტელიანმა, ირაკლი დემეტრაშვილმა და ლაშა ბექაურმა (2-ჯერ) მოიგეს.
აღსანიშნავია, რომ საქართველო აგებდა, თუმცა შეხვედრის მოტრიალება და გამარჯვება შეძლო. ლაშა ბექაურმა კი მუხლის ტრავმის მიუხედავად ფრანგ მიტროვიჩთან ორივე შეხვედრა ცალი ფეხით მოიგო და ნაკრებს მედლისთვის ბრძოლის შანსი შეუნარჩუნა.
ბრინჯაოს მედლისთვის დაპირისპირებაში ჩვენი მეტოქე ჩინეთი იყო, რომელთანაც ასპარეზობა ჩამორჩენით დავიწყეთ, რადგან სოფიო სომხიშვილმა ტრავმის გამო გამოსვლა ვერ შეძლო.
თუმცა ნინო გულბანმა, ლუკა მაისურაძემ, ირაკლი დემეტრაშვილმა და ეთერ ლიპარტელიანმა თავიანთი მეტოქეები დაამარცხეს და საქართველოს ნაკრებს ბრინჯაოს მედალი მოუპოვეს.
შედეგად, საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის გუნდურ ასპარეზობაში მედლის აღება ზედიზედ მეოთხედ შეძლო - 2023 (ბრინჯაო), 2024 (ბრინჯაო), 2025 (ოქრო) და 2026 (ბრინჯაო).
რომელ ადგილზე გავიდა საქართველო მსოფლიო ჩემპიონატის ჩათვლაში?