13-ჯერ მოგებული ბუნდესლიგა, 6 გერმანიის თასი, 8 გერმანიის სუპერთასი, ჩემპიონთა ლიგის ორჯერ მოგებული და ორჯერ წაგებული ფინალი, ორი ევროპის სუპერთასი, ორიც მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი - ეს თომას მიულერის გუნდური ჯილდოებია, რომლებიც მან მიუნხენურ გრანდში 25 წელიწადში მოიგო.
ბაიერნის ახალგაზრდული სისტემის ჭეშმარიტი პროდუქტის, სულითა და ხორცით მიუნხენელის, გერმანული ხასიათის ნამდვილი მატარებლის ოცდაათზე მეტი მოგებული ტიტული უკვე წარსულია. ბუნდესლიგაში მიულერმა რეკორდმაისტერის მაისური საშინაო სარბიელზე 750-ედ და უკანასკნელად მოირგო და ერთგულ ქომაგებს დაემშვიდობა.
„ყველამ ვიცოდით, რომ ეს მომენტი დადგებოდა. მოხარული ვარ, რომ ჯილდო კვლავ მიუნხენში დავაბრუნეთ“, - ამბობს ყველაზე ტიტულოვანი გერმანელი ფეხბურთელი და ბოლოჯერ წევს საჩემპიონო ვერცხლის სინს.
გამხდარი და ერთი შეხედვით ფიზიკურად წარმოუდგენლად სუსტი, არასაფეხბურთო აღნაგობის მქონე "კოსმოსური თარჯიმანი“ (Raumdeuter) განსაკუთრებული სახის ტალანტითა და ვუნდერკინდობით თითქოს არასოდეს გამოირჩეოდა, მაგრამ ჰქონდა ის, რითაც ბევრი ვერ დაიკვეხნის - ურყევი ამბიცია და გამარჯვების დაოუკებელი ჟინი. მისი სხვა თიკუნი „რადიო მიულერი“ გახლდათ, როგორც მას მწვრთნელმა ჰერმან გერლანდმა უწოდა იმ დაუღალავი ხასიათისა და უწყვეტი კომუნიკაციის გამო, როგორსაც მოედანზე ავლენდა თანაგუნდელების, მსაჯებისა თუ მეტოქეების მიმართ.
ხშირად იტანდა წარმოუდგენელ გოლებს და ხსნიდა იმ სივრცეებს, რომლებსაც ბევრი ვერ ხედავდა, სწორედ ამით იქცა მიუნხენელთა კერპად. თომასი ძველი სტილის, კლასიკად ქცეული ფეხბურთისა და თანამედროვე, სწრაფი და მკაცრი ფეხბურთის ერთგვარი ნაზავი იყო.
„თუკი მესი ილუზიონისტია, მაშინ თომასი ილუზიონისტის ქუდია - არასოდეს იცი, რა სიურპრიზი გელოდება მისგან,“ - ეს სიტყვები კი მასთან ერთად 2014 წლის მუნდიალის ერთ-ერთ მთავარ ტრიუმფატორს, იოახიმ ლიოვს ეკუთვნის.
მოედანზე ხშირად ნელა მოსიარულე, მაგრამ საჭირო დროს ელვისებურად მოქმედი, თითქოს ძველი დეკადებიდან გადმოსროლილი მანერების მქონე მიულერზე კიდევ ბევრის მოყოლა შეუძლიათ ბავარიელებსა თუ „ბაიერნის“ უცხოელ ქომაგებს, ერთი რამ კი ყველასათვის ნათელია - თუ მასავით გამბედავი ხარ, გაქვს გონიერება და ფეხბურთისთვის ყველაფერს გაიღებ, ყველაფრის მიღწევა შეგიძლია, რაც აუცილებლად გაქცევს ლეგენდად.
თომას, მხიარულო და ბრაზიანო, უხეშო და დამჯერო, აგრესიულო და შეუმჩნეველო, მადლობა იმ 25 წლისთვის, რაც ტყავის ბურთსა და მწვანე მინდორს დაახარჯე!