ილია თოფურიამ თეთრ სახლში, UFC-ის ღონისძიების წინ გამართულ ბოლო პრესკონფერენციაზე, ლინკოლნის მემორიალის ფონზე, ჯასტინ გეიჯის ხელი უბიძგა.
მას შემდეგ, რაც ორივე მებრძოლმა საჩემპიონო ბრძოლაში გამარჯვება იწინასწარმეტყველა, 29 წლის მსუბუქი წონის ჩემპიონმა თოფურიამ დროებითი ჩემპიონ ჯასტინ გეიჯის უბიძგა, რაზეც ამერიკელმა სიცილით უპასუხა.
UFC-ის პრეზიდენტმა დანა უაითმა მებრძოლები ღიმილით გააშველა, ხოლო გეიჯი თოფურიას ეუბნებოდა:
,,შეხედე, სად ვართ, შეხედე ამ ულამაზეს ხედს, და შენ მაინც ცხოველივით მოქცევა გინდა?"
მანამდე ქართველმა 37 წლის მეტოქეს უთხრა, რომ „პირველივე რაუნდში შუქს ჩაუქრობდა“.
„ვიცი, რომ მსოფლიოში საუკეთესო ვარ. ორ დღეში ერთსა და იმავე ოქტაგონში ვიქნებით. ვიცი, რომ საუკეთესო ვარ, თუ შეგიძლია, დამიმტკიცე საწინააღმდეგო“, - განაცხადა თოფურიამ.
პრესკონფერენცია ვაშინგტონში გაიმართა, ღონისძიებამდე 2 დღით ადრე. UFC-ის შოუ, რომელიც თეთრი სახლის სამხრეთ გაზონზე ჩატარდება, უნიკალური ხასიათისაა.
ღონისძიება, სახელწოდებით UFC Freedom 250, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის 80 წლის იუბილეს ემთხვევა და ამერიკის დამოუკიდებლობის 250 წლისთავის აღნიშვნის ნაწილია.
ლინკოლნის მემორიალი მებრძოლებისთვის შთამბეჭდავ ფონად იქცა, ხოლო სცენაზე გამოსვლამდე მათ აშშ-ის არმიის Herald Trumpets-ის წევრებმა საპატიო დერეფანი მოუწყეს.
თუ თოფურიასა და გეიჯის შორის დაძაბულობა აშკარა იყო, ასეთი არაფერი შეინიშნებოდა ფრანგ სირილ განსა და ბრაზილიელ ალექს პერეირას შორის, რომლებიც საღამოს თანა-მთავარ ბრძოლაში დროებითი მძიმე წონის ტიტულისთვის იბრძოლებენ.
თუ პერეირა გაიმარჯვებს, ის UFC-ის ისტორიაში პირველი მებრძოლი გახდება, რომელიც სამ სხვადასხვა წონით კატეგორიაში მოიპოვებს ჩემპიონობის ქამარს. მანამდე მას საშუალო და ქვემძიმე წონებში ჰქონდა ტიტულები მოპოვებული.
მანამდე თოფურიამ პერეირა ოქტაგონში მიღწეული წარმატებების გამო ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს მებრძოლად (GOAT) მოიხსენია.
„ის უკვე GOAT-ია. ერთ-ერთი უდიდესია, რადგან ამ სპორტში ბევრი ასეთი მებრძოლი გვყავს. ეჭვგარეშეა, რომ ის ამ სიაში აუცილებლად შევა“, - განაცხადა თოფურიამ.
პრესკონფერენცია არაერთხელ შეწყვიტა მძიმე წონის ამერიკელმა მებრძოლმა ჯოშ ჰოკიტმა, რის შემდეგაც თოფურიამ ერთ მომენტში UFC-ს მისი მიკროფონის გათიშვაც კი სთხოვა.