ხვიჩა კვარაცხელიას უმცროსი ძმის, თორნიკეს სახელი ევროპულ სპორტულ მედიაში სულ უფრო აქტუალური ხდება.
დინამო თბილისისა და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების 16 წლის ტალანტის მიმართ პრემიერლიგის კიდევ ერთი გრანდი - ლონდონის არსენალი დაინტერესდა.
ბრიტანული გამოცემა TEAMtalk-ის ინფორმაციით, მეთოფეები შეუერთდნენ იმ 14 ტოპკლუბის გრძელ სიას, რომლებიც თორნიკეს პროგრესს აქტიურად ადევნებენ თვალს. არსენალმა ცოტა ხნის წინ კიდევ ერთ ქართველ ტალანტთან, ანდრია ბართიშვილთან გააფორმა წინასწარი კონტრაქტი, რაც ქართულ ბაზარზე მათ მზარდ ინტერესზე მიუთითებს.
16 წლის ასაკის მიუხედავად, თორნიკე დინამო თბილისის ძირითად გუნდში უკვე რეგულარულად თამაშობს (19 მატჩი ყველა ტურნირზე). მისი უნარებით უკვე მოხიბლულები არიან ინგლისური კლუბები: ჩელსი, ტოტენჰემი, მანჩესტერ იუნაიტედი, მანჩესტერ სიტი, ლივერპული, ბრაიტონი და ასტონ ვილა. გარდა ამისა, სიტუაციას აკვირდებიან იტალიური გრანდებიც: იუვენტუსი, ატალანტა და ნაპოლი.
არსებული წესების თანახმად, თორნიკეს ინგლისში გადასვლა მინიმუმ 2028 წლის იანვრამდე არ შეუძლია, თუმცა მომგებიანი პოზიციის დასაკავებლად კლუბებს შორის ბრძოლა უკვე გაჩაღებულია. მედია აღნიშნავს, რომ თორნიკე ყურადღებას არა მხოლოდ სახელოვანი ძმის, არამედ საკუთარი შთამბეჭდავი სათამაშო პროგრესით იქცევს.