საქართველოს ჩემპიონი იბერია 1999, ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის ეგიდით, ესტონეთის ჩემპიონ ფლორა ტალინს განმეორებით მატჩში ხვალ შეხვდება.
თამაშის შესახებ, იბერიელთა მთავარმა მწვრთნელმა, ანდრი დემჩენკომ და მცველმა, გიორგი ჯინჯოლავამ პრესკონფერენციაზე გააკეთეს შეფასებები.
"გუნდში ძალიან კარგი განწყობაა. მოსამზადებელი პროცესი წარმატებით წარიმართა და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ხვალინდელი მატჩისთვის 100%-ით მზად ვართ.
პირველ შეხვედრაში გამარჯვებამ, რა თქმა უნდა, თავდაჯერება შეგვმატა, თუმცა ეს შედეგი უკვე წარსულს ეკუთვნის. ხვალ მოედანზე ისე გავალთ, თითქოს პირველი თამაში საერთოდ არ ყოფილა და ყველაფერი ნულიდან იწყება", - აღნიშნა დემჩენკომ.
"გულშემატკივრის მხარდაჭერა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. რაც უფრო მეტი ადამიანი იქნება სტადიონზე, მით უფრო დიდ მოტივაციას მოგვცემს და ეს ჩვენს თამაშზეც აისახება. იმედი მაქვს, ხვალ ბევრი გულშემატკივარი მოვა. გელოდებით ყველას მიხეილ მესხის სტადიონზე - თქვენი მხარდაჭერა ძალიან გვჭირდება", - ეს უკვე ჯინჯოლავას კომენტარია.
იბერიამ ფლორა სტუმრად 3:2 დაამარცხა. ხვალინდელი მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, 20:00 საათიდან დაიწყება - პირდაპირი რეპორტაჟი Silk უნივერსალი-ზეა.