ივლისის ბოლოს საქართველოში წყალსათხილამურო სპორტის ორი მნიშვნელოვანი საერთაშორისო ღონისძიება გაიმართება.
ქალაქ ფოთში, მალთაყვის ტერიტორიაზე, ოქროს ტბის წყალსათხილამურო ბაზაზე, 20-21 ივლისს - Poti Pro-Am International Water Ski Tournament, ხოლო 24-26 ივლისს 2026 IWWF Europe & Africa Open Waterski Championships ჩატარდება.
ორივე ღონისძიება International Waterski & Wakeboard Federation (IWWF) პატრონაჟით მოეწყობა, ტურნირების ორგანიზატორები საქართველოს წყალსათხილამურო სპორტის ეროვნული ფედერაცია და ფოთის ტბის კლუბი არიან, ხოლო მხარდამჭერები - საქართველოს სპორტის სამინისტრო და ფოთის მუნიციპალიტეტის მერია.
შეჯიბრებები წყალსათხილამურო სპორტის სამ ძირითად დისციპლინაში გაიმართება - სლალომი, ფიგურები და ტრამპლინიდან ხტომა. მონაწილეობას ევროპისა და აფრიკის 20 ქვეყნიდან 120-ამდე სპორტსმენი მიიღებს.
სწორედ ამიტომ, წყალსათხილამურო სპორტის ფედერაციამ მალთაყვაში ორდღიანი სპეციალური მედიატური მოაწყო. სპორტულ ჟურნალისტებს მასპინძლობა ფედერაციის პრეზიდენტმა რატი მელიამ, პიარის სამსახურის უფროსმა ნინი ვადაჩკორიამ და საორგანიზაციო ჯგუფის სხვა წევრებმა გაუწიეს. მათ მედიის წარმომადგენლებს ინფრასტრუქტურა დაათვალიერებინეს და ტურნირის სამზადისის ყველა დეტალი გააცნეს.
ფოთს წყალსათხილამურო სპორტთან განსაკუთრებული ისტორიული კავშირი აქვს - 1991 წელს სწორედ იქ გაიმართა ამ სპორტის ისტორიაში პირველი ევროპის ჩემპიონატი, რომელიც ჩვენი ქვეყნის პირველმა პრეზიდენტმა, ზვიად გამსახურდიამ გახსნა.
ფოტო: საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაცია