ბარსელონას ახალგაზრდა ვარსკვლავი ლამინ იამალი ესპანეთის ნაკრებს ერთა ლიგის უახლოეს მატჩში, პრაღაში ჩეხეთის წინააღმდეგ ვერ დაეხმარება.
მიზეზი მარჯვენა მუხლის ტკივილია,რომელმაც თავი ლა ლიგაში, მადრიდის ატლეტიკოსთან მოგებული დაპირისპირების შემდეგ იჩინა.
მიუხედავად იმისა, რომ იამალს მადრიდელთა წინააღმდეგ გოლი არ გაუტანია, მან მეტოქის დაცვას უდიდესი პრობლემები შეუქმნა და ფერმინ ლოპესს საგოლე გადაცემაც გაუკეთა. ესპანური გამოცემა Sport წერს, რომ ფეხბურთელმა მატჩი კარგ განწყობაზე დაასრულა, თუმცა მოგვიანებით მუხლის არეში დისკომფორტი იგრძნო.
ორშაბათს დილით ჟოან გამპერის ბაზაზე ჩატარებულმა სამედიცინო შემოწმებამ აჩვენა, რომ ტრავმა სერიოზული არ არის, თუმცა ბარსელონასა და ეროვნული ნაკრების ექიმებმა შეთანხმებული გადაწყვეტილება მიიღეს და ფეხბურთელის გარისკვა არ ისურვეს. მოსალოდნელია, რომ იამალი ნაკრებს პარასკევს შეუერთდება და კვირას, ინგლისის წინააღმდეგ გასამართი გადამწყვეტი მატჩისთვის მოემზადება, რომელმაც ჯგუფის გამარჯვებულის ვინაობა უნდა გაარკვიოს.
აღსანიშნავია, რომ ჩეხეთთან შეხვედრა მიმდინარე სეზონში პირველი იქნება, რომელსაც ლამინი გამოტოვებს. აქამდე მან ბარსელონას რიგებში 16-ვე მატჩი (მაქსიმალური 1440-დან 1355 წუთი) ჩაატარა და ესპანეთის ნაკრების წინა ოთხ შეხვედრაშიც სასტარტო შემადგენლობაში იყო.
ცნობისთვის, ესპანელებს ჩეხეთთან კიდევ ერთი შემტევი, რეალ სოსიედადის ფორვარდი მიკელ ოიარსაბალიც დააკლდებათ. იგი გრიპის ვირუსს ებრძვის, თუმცა ინგლისთან დაპირისპირებისთვის ისიც მწყობრში უნდა იყოს.