აცტეკას სტადიონზე ინგლისის ნაკრების გამარჯვების შემდეგ, ნახევარმცველმა ჯორდან ჰენდერსონმა საკმაოდ უცნაურ ვითარებაში ტრავმა მიიღო.
ჰენდერსონს მატჩში მონაწილეობა არ მიუღია, თუმცა შეხვედრის დასკვნით ეტაპზე პროტესტის გამო ყვითელი ბარათი მიიღო.
სათადარიგოთა სკამზე მყოფი და გვერდით ხაზთან მოთელვაზე გამოსული ფეხბურთელი მსაჯის გადაწყვეტილებებს სიტყვიერად აპროტესტებდა, რის გამოც გააფრთხილეს.
მატჩის დასრულების შემდეგ უცნაური სცენა განვითარდა, გამარჯვების აღნიშვნისას ჰენდერსონი საკაცით გაიყვანეს, ხოლო მეხიკოს მაღალმთიანი პირობების გამო მას ჟანგბადსაც აწვდიდნენ.
ვიდეოკადრებში ჩანს, რომ ინგლისის გულშემატკივრებთან ერთად „Wonderwall“-ის შესრულების შემდეგ ჰენდერსონი სარეკლამო ბარიერზე გადაბიჯებისას წაიქცა.
ის ერთ-ერთი პირველი ინგლისელი ფეხბურთელი იყო, რომელმაც გულშემატკივრებთან აღნიშვნის ადგილი დატოვა და მოედანზე დაბრუნებისას ბარიერზე გადასვლის დროს დაეცა.
მიუხედავად იმისა, რომ ტრავმის სიმძიმე ჯერ ოფიციალურად არ დადასტურებულა, ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელის, თომას ტუხელის განცხადებით, მდგომარეობა „ძალიან ცუდად“ გამოიყურება. მან ასევე დაადასტურა, რომ ჰენდერსონი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ტუხელის თქმით, ჰენდერსონმა მაჯა დაიზიანა. სავარაუდოდ, ტრავმა მან დაცემისას მიიღო, როდესაც დარტყმის შემსუბუქება ხელით სცადა.
ვიდეოკადრებით ჩანს, რომ დაზიანება შესაძლოა ძალიან სერიოზული იყოს, რადგან ჰენდერსონის მარცხენა მაჯა არაბუნებრივი მიმართულებით გადაიღუნა.
ამ ეტაპზე უცნობია, რამდენ ხანს მოუწევს ჯორდან ჰენდერსონს უქმობა და რამდენად სერიოზულია მისი ტრავმა.
თუმცა, თუ მას მაჯის ან ხელის მოტეხილობა დაუდასტურდება, რაც სავსებით შესაძლებელია იმის გათვალისწინებით, რომ ფეხბურთელი მოედნიდან საკაცით გაიყვანეს და ჟანგბადს აწვდიდნენ, მაშინ მისთვის მსოფლიო ჩემპიონატი უდავოდ დასრულებული იქნება.
ნამდვილი ომი აცტეკაზე - ინგლისმა ბეწვის ხიდზე გაიარა და 1/4 ფინალში გავიდა