თურქეთის ქალაქ სტამბოლში გამართულ უსინათლოთა ძალოსნობის, წოლჭიმისა და სამჭიდის მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა წარმატებით იასპარეზა და ტურნირი 9 მედლით დაასრულა.
ქართველმა პარაძალოსნებმა 3 ოქროს, 1 ვერცხლისა და 5 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
ტურნირის მთავარი გმირი მირიან ოგნაძე (+125 კგ) გახდა, რომელმაც წოლჭიმში 216 კილოგრამი დაძლია, მსოფლიოს რეკორდი დაამყარა და ჩემპიონობა იზეიმა, ხოლო სამჭიდის ჯამში აწეული 711 კილოგრამით მეორე ოქროს მედალი დაიმსახურა.
წარმატებული გამოსვლა ჰქონდა გიორგი ბასილაშვილსაც (-75 კგ), რომელიც წოლჭიმში ვიცე-ჩემპიონი გახდა, ხოლო სამჭიდის ჯამში ოქროს მედალს დაეუფლა.
ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს:
გიორგი მაისურაძემ (+125 კგ) - წოლჭიმსა და სამჭიდის ჯამში
გიორგი გიგაურმა (-56 კგ) - წოლჭიმსა და სამჭიდის ჯამში
ზაზა მარტიაშვილმა (-125 კგ) - წოლჭიმში
მსოფლიოს ჩემპიონატზე 11 ქვეყნის ასამდე პარაძალოსანი მონაწილეობდა.