საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ლიბანის ეროვნულ გუნდთან მეორე ამხანაგური მატჩი გამართა და მინიმალური სხვაობით, 2:1 დაამარცხა მეტოქე.
თელავის სპორტის სასახლეში გამართული შეხვედრა დაძაბულად წარიმართა. საქართველოს ნაკრები მე-17 წუთზე ნიკოლოზ გაბრიჩიძემ დააწინაურა, ხოლო 28-ე წუთზე უპირატესობა ჯანიკო გიორგაიამ გაზარდა.
სტუმრებმა ბოლო წუთებზე იბრძოლეს და 36-ე წუთზე ალი აქუმის დარტყმით სხვაობა შეამცირეს, თუმცა ქართველმა ფუტსალისტებმა გამარჯვება შეინარჩუნეს.
შეგახსენებთ, რომ 5 ნოემბერს გამართული პირველი ამხანაგური შეხვედრა ჩვენმა გუნდმა 1:0 მოიგო.
უახლოეს ოფიციალურ მატჩებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე გამართავს. 24 თებერვალს კოსოვოს სტუმრად, ხოლო 2 მარტს თბილისში იტალიას დაუპირისპირდება.