ფაბიო კანავარო უზბეკეთის ნაკრებს გაწვრთნის და სადებიუტო მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გაუძღვება. ინფორმაცია ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციამ ოფიციალურად დაადასტურა.
"უზბეკეთის საფეხბურთო ასოციაციამ კონტრაქტი გააფორმა ფაბიო კანავაროსთან - ცნობილ სპეციალისტთან, თავისი თაობის ერთ-ერთ საუკეთესო მცველთან", - ნათქვამია განცხადებაში.
ოქროს ბურთის 2006 წლის გამარჯვებულის სამწვრთნელო კარიერა ჯერჯერობით არც ისე წარმატებულია. მისი ბოლო სამსახური დინამო ზაგრებში იყო, თუმცა 4 თვეზე ნაკლები გაგრძელდა - გუნდი აპრილში დატოვა.
52 წლის სპეციალისტს ადრე მწვრთნელის თანამდებობები ეკავა ჩინეთისა და საუდის არაბეთის, ასევე იტალიის კლუბებში. 2019 წელს ის ასევე მოკლე პერიოდით ჩინეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელი იყო.
ის შეცვლის წარმოშობით ქართველ ტიმურ კაპაძეს, რომელმაც უზბეკები მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ისტორიაში პირველად გაიყვანა.