ეკო გორგოძე კოლუმბიის ქალაქ კალიში მიმდინარე ჩელენჯერის ტიპის ტურნირზე, წყვილთა შორის, ფინალში გავიდა.
ქართველი ჩოგბურთელი იტალიელ ნიკოლ ფოსა უერგოსთან ერთად თამაშობს და ტურნირზე პირველ ნომრადაა განთესილი. ქართულ-იტალიური დუეტი სტატუსს ამართლებს - 1/4 ფინალური და 1/2 ფინალური მატჩები სუპერ დამაჯერებლად მოიგეს.
გორგოძე-უერგომ 1/4 ფინალში კორტზე 56 წუთი გაატარა და 6:3; 6:1 (სებაიოსი / ზოლოტარევა) გაიმარჯვა, ხოლო 1/2 ფინალური შეხვედრა საათსა და 4 წუთში დაასრულა - 6:2; 6:3 (გამისი / ვედერი).
ეკოსა და მისი იტალიელი მეწყვილის დუეტი ფინალში ბრაზილიელებს, კანდიოტოსა და პიგოსის შემადგენლობით, შეხვდებიან და ტიტულის მოპოვებას შეეცდებიან.
შეგახსენებთ, გორგოძე-უერგოს წყვილმა ოქტომბრის დასაწყისში იტალიის ქალაქ რენდეში გამართული ტურნირი მოიგო. მას შემდეგ კი ეკომ, ესპანელ ირენე ბურიოსთან ერთად, ზედიზედ ორი ტურნირის ფინალში ითამაშა და ახლა წყვილებში კიდევ ერთი, ზედიზედ მე-3 ტურნირის ფინალშია.