-
Aa
+
ფონტის ზომა
UFC 333-ზე მოვსარ ევლოევის მე-2 რაუნდში ნოკაუტით დამარცხების შემდეგ, ქვემსუბუქი წონის მოქმედ და ორგზის ჩემპიონს წონითი კატეგორიის შეცვლა და მსუბუქი წონის ჩემპიონ ჯასტინ გეიჯისთან ბრძოლა სურს.
თუ UFC მას ამ შესაძლებლობას მისცემს, ავსტრალიელი მზადაა, საჩემპიონო ქამარი დათმოს და ამ პოტენციური სუპერბრძოლის შემდეგ, შედეგის მიუხედავად, კარიერა დაასრულოს.
თუმცა, მსუბუქი წონის ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტი, არმან ცარუკიანი მიიჩნევს, რომ გეიჯი მასთან ბრძოლას კარიერის დასრულებას ამჯობინებს, თუ UFC ამერიკელ ჩემპიონს „ბეტმენთან“ დასაპირისპირებლად სოლიდურ ჰონორარს არ შესთავაზებს.
ვინაიდან სომეხი მებრძოლი დარწმუნებულია, რომ გეიჯი კარიერას დაასრულებს, ვოლკანოვსკი სულ უფრო მეტად ინტერესდება მსუბუქ წონაში გადასვლითა და ცარუკიანთან ვაკანტური საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლით.
არიელ ჰელვანისთან ინტერვიუში ავსტრალიელმა განაცხადა:
არმანი გამუდმებით ამბობს, რომ, მისი აზრით, ჯასტინი კარიერას დაასრულებს. თუ ჯასტინი მართლაც წავა, ვფიქრობ, ყველაფერი გადაწყვეტილია. ქვემსუბუქი წონის საჩემპიონო ქამარს დავთმობ და არმანს ტიტულისთვის შევებრძოლები. აი, ასე მარტივად. სიმართლე გითხრათ, ეს დაპირისპირება გეიჯისთან ბრძოლაზე მეტადაც კი მაინტერესებს.
ვოლკანოვსკიმ ჰელვანის ასევე განუცხადა, რომ თუ ორგანიზაცია მას მსუბუქ წონაში დაბრუნების უფლებას მისცემს, პირველ რიგში ქვემსუბუქი წონის საჩემპიონო ქამარს დათმობს.
155 ფუნტამდე (70,3 კგ) წონით კატეგორიაში დაბრუნების შემდეგ, თუ ავსტრალიელი საჩემპიონო ქამრის მოპოვებას მოახერხებს და ორი წონითი კატეგორიის ჩემპიონი გახდება, UFC-ის ხელმძღვანელობასთან განიხილავს, სურთ თუ არა მათ, რომ მან ტიტული დათმოს და კარიერა დაასრულოს, თუ კიდევ რამდენჯერმე დაიცვას ქამარი.
გარდა ამისა, ვოლკანოვსკიმ აღნიშნა, რომ თუ მეორე საჩემპიონო ქამრის მოპოვების შემდეგ UFC მისი კარიერის გაგრძელებით დაინტერესდება, მზად იქნება ილია თოფურიასთან რევანშისთვის ან დივიზიონის სხვა მებრძოლებთან დასაპირისპირებლად.
ავსტრალიელის თქმით, ის მზადაა, გააკეთოს ყველაფერი, რაც გულშემატკივრებსა და UFC-ის ხელმძღვანელობას სურთ.
ვოლკანოვსკიმ ილია თოფურიასთან განმეორებითი ბრძოლის სურვილი გუშინაც გამოთქვა, როდესაც ბრენდან ბრედფორდს ესაუბრა.
მისი თქმით, ამჯერად ქართველ მებრძოლთან სხვა წონით კატეგორიაში დაპირისპირება სურს, რათა „ის მარცხი გამოასწოროს“.
ავსტრალიელმა დასძინა, რომ მიუხედავად იმისა, რომ 14 ივნისს ჯასტინ გეიჯიმ ილია თოფურიას კარიერაში პირველი მარცხი აგემა, მას მაინც სურს UFC 298-ზე თოფურიასთან ნოკაუტით განცდილი მარცხისთვის რევანშის აღება.

თაზო ჩარკვიანი
კომენტარები