კარლო ანჩელოტის ქალიშვილმა, კატია ანჩელოტიმ ისაუბრა, რატომ არ ლაპარაკობს მამამისი ჯენარო გატუზოსთან.
გატუზო ანჩელოტის ხელმძღვანელობით მილანში მრავალი წლის განმავლობაში თამაშობდა.
ანჩელოტი ნაპოლიდან არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო დაითხოვეს, მის შემცვლელად კი ჯენარო გატუზო დაინიშნა. კარლოს ძალიან არ მოეწონა ის ფაქტი, რომ გატუზო კლუბთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა იმ დროსაც, როცა ის ჯერ კიდევ გუნდის მთავარი მწვრთნელი იყო. თანაც ისე, რომ ანჩელოტისთვისაც არაფერი უთქვამს. კატიას თქმით, მათ შორის კონფლიქტის მიზეზიც ეს გახდა.
„მას შემდეგ მათ არც ულაპარაკიათ და არც უნახავთ ერთმანეთი. მამა ძალიან განაწყენებული იყო და არც უცდია ამის დამალვა. თავის მხრივ, რინოს მისთვის არ დაურეკავს.
ალბათ, ერთმანეთს ისინი მსოფლიო ჩემპიონატზე შეხვდებიან, სადაც, იმედი მაქვს, იტალია აუცილებლად მოხვდება. ფინალი ბრაზილია - იტალია შესანიშნავი იქნებოდა. უკანასკნელად მსგავსი რაღაც 1994 წლის ფინალში ვნახეთ, სადაც მამა არიკო საკის დამხმარე იყო. და გატუზო სად იყო მაშინ?" - აღნიშნა კატია ანჩელოტიმ Corriere della Sera-სთან ინტერვიუში.
სხვათაშორის, ის, რომ ანჩელოტის და გატუზოს მას შემდეგ არ უნახავთ ერთმანეთი - სიმართლე არ არის, რადგან 2023 წლის ესპანეთის სუპერთასზე ანჩელოტის რეალს სწორედ გატუზოს ვალენსია შეხვდა და მათი გადაკვეთის კადრის ნახვა ფოტოზეც შეგიძლიათ. მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა, რეალმა კი გამარჯვება პენალტების სერიაში (4:3) მოიპოვა.