სტამბოლში გამართულ უეფა-ს აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე, მამაკაცთა სანაკრებო ტურნირების ახალი ფორმატი განიხილეს. სამუშაო პროცესში სფფ-ის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა მიიღო მონაწილეობა.
უეფა-ს ერთა ლიგაზე გუნდები 2028-29 წლების სეზონიდან ახალი ფორმატით ითამაშებენ, GFF.GE-ს მიხედვით, ფორმატი ასეთია:
უეფას ერთა ლიგა 2028/29 სეზონიდან, ოთხი ლიგის ნაცვლად სამლიგიან სისტემაზე გადავა. თითოეულ ლიგაში 18 გუნდი იასპარეზებს, რომლებიც სამ ექვსგუნდიან ჯგუფში გადანაწილდებიან. ჯგუფურ ეტაპზე გუნდები ექვს მატჩს ჩაატარებენ სხვადასხვა კალათის გუნდებთან შინ ან სტუმრად, ხოლო საკუთარი კალათის ერთ მეტოქესთან ორ შეხვედრას გამართავენ. უცვლელი რჩება მეოთხედფინალები, ფინალური ოთხეული და დაწინაურება/დაქვეითების პლეი-ოფები.
ცვლილებები შეეხება ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო სისტემასაც, რომელიც ორ დონედ დაიყოფა. პირველ ლიგაში ერთა ლიგის A და B დივიზიონების 36 ნაკრები მოხვდება, ხოლო მეორე ლიგაში დანარჩენი 18 ან 19 გუნდი გაერთიანდება. პირველ ლიგაში სამი 12-გუნდიანი ჯგუფი შეიქმნება, სადაც თითოეული გუნდი ექვს განსხვავებულ მეტოქესთან ითამაშებს - ორი მეტოქე თითოეული კალათიდან, შინ ან სტუმრად. მეორე ლიგა ერთა ლიგის C დივიზიონის მსგავსად სამ ჯგუფად (ან ერთ შვიდგუნდიან ჯგუფად) ჩატარდება.
პირველი ლიგის ჯგუფების გამარჯვებულები ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე პირდაპირ გავლენ, ხოლო დარჩენილი საგზურები პლეი-ოფებით განაწილდება. ახალი სისტემა მეორე ლიგის გუნდებსაც უნარჩუნებს ფინალურ ეტაპზე გასვლის შესაძლებლობას. მასპინძელი ქვეყნები, მიუხედავად ავტომატური კვალიფიკაციისა, საკვალიფიკაციო ეტაპში მაინც ჩაერთვებიან, რაც მათ მომავალ ერთა ლიგის პოზიციაზე იმოქმედებს.
კონცეფცია მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში კიდევ დაიხვეწება, რის შემდეგაც დეტალური ფორმატის საბოლოო დამტკიცებისთვის წარედგინება აღმასრულებელი კომიტეტის მომდევნო სხდომაზე, რომელიც სექტემბერში გაიმართება. ახალი ფორმატის სრულ ანალიზს კი აღნიშნული შეხვედრის შემდეგ მედია-კონფერენციაზე წარმოადგენენ.
ფოტო და წყარო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია