-
Aa
+
ფონტის ზომა
ზაფხულის სანაკრებო პაუზის ფარგლებში ჩვენი გუნდი ორ შეხვედრას გამართავს: 2 ივნისს რუმინეთს დაუპირისპირდება, 5 ივნისს კი ბაჰრეინს უმასპინძლებს. ორივე მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე შედგება.
რუმინეთთან შეხვედრა განსაკუთრებული იქნება, რადგან ნაკრების კაპიტანი, გურამ კაშია, ეროვნულ გუნდში თავის ბოლო მატჩს ჩაატარებს.
შეკრების დაწყებამდე გამართულ პრესკონფერენციაზე სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ალექსანდრე იაშვილმა, მატჩების ორგანიზებაზე ისაუბრა:
2 ივნისს გურამ კაშია ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ბოლო მატჩს გამართავს. ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ძლიერი მეტოქე გვყოლოდა და თბილისში გვეთამაშა. ასევე, აუცილებელი იყო მეორე შეხვედრაც თბილისში ჩაგვეტარებინა, რადგან ხანგრძლივი სეზონის შემდეგ გუნდს ნაკლები ემგზავრა. მნიშვნელოვანია, ორივე მატჩში წარმატების მიღწევა, რადგან სექტემბრის ოფიციალურ შეხვედრებს თავდაჯერებულად შევხვდეთ. თავიდანვე აღვნიშნეთ, რომ რთულ ჯგუფში ვართ, თუმცა ჩვენი მიზანია ამ ჯგუფში გავიმარჯვოთ.
ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა, აღნიშნა, რომ მეტოქეებით კმაყოფილია, თუმცა როტაციას გეგმავს:
ამ პერიოდში, განსაკუთრებით მსოფლიო ჩემპიონატის წინ, ამხანაგური მატჩების ორგანიზება ყოველთვის რთულია, თუმცა ფედერაციის ძალისხმევით, რუმინეთთან და ბაჰრეინთან თამაშით ძალიან კმაყოფილი ვარ. რუმინეთი ძლიერი გუნდია, რომელსაც ბევრი საინტერესო ფეხბურთელი ჰყავს. ბაჰრეინი კი განსხვავებული დონის მეტოქეა და, შესაძლოა, სხვა მოთამაშეებსაც მივცეთ თავის გამოჩენის შანსი, რათა მათ ეროვნულ ნაკრებში მეტი თავდაჯერებით დაიწყონ თამაში. ორი განსხვავებული სტილისა და დონის მეტოქესთან თამაში საინტერესო იქნება, თუმცა ამხანაგური მატჩი მხოლოდ სახელით არის ამხანაგური - ჩვენ ყოველთვის გამარჯვებისთვის ვთამაშობთ. მნიშვნელობა არ აქვს მეტოქე რუმინეთი იქნება თუ ბაჰრეინი, ორივე შეხვედრის მოგება გვსურს. შესაძლოა განსხვავებული შემადგენლობა და როტაცია ვიხილოთ, თუმცა ეს მატჩები სექტემბრისა და ერთა ლიგისთვის ძალიან მნიშვნელოვანია
სანიოლმა შემადგენლობის შერჩევაზე და ახალ სახეებზეც გაამახვილა ყურადღება. მან განმარტა, თუ რატომ უხმო ირაკლი ეგოიანს სწორედ ახლა:
ირაკლი ეგოიანზე რამდენიმე თვის წინ დავიწყეთ ფიქრი. მარტში არ გამოვიძახეთ, რადგან ახალგაზრდულ ნაკრებს მნიშვნელოვანი ოფიციალური თამაშები ჰქონდა. მისი სეზონი ძალიან მომეწონა. პროგრესი ეტყობოდა, განსაკუთრებით ინტენსივობასა და თამაშის სტილში. დარწმუნებული ვარ, გუნდს დადებით ენერგიას შესძენს
მწვრთნელმა დაამატა, რომ მარტში თავი კარგად წარმოაჩინა მამაგეიშვილმა, ყურადღებით აკვირდება თორნიკე ძოწენიძეს, გადრანსა და ბერიაშვილს, ხოლო ოთარ კაკაბაძე გუნდს სექტემბერში დაუბრუნდება.
ვილი სანიოლი ემოციურად დაემშვიდობა გურამ კაშიას და მის პიროვნულ თვისებებს გაუსვა ხაზი:
თუ გურამ კაშიას ყველა დადებით თვისებაზე დავიწყებ საუბარს, ალბათ, მთელ საღამოს აქ გავატარებთ. რთულია იმის აღწერა, რა გავლენა ჰქონდა მას გუნდზე, ფეხბურთელებზე და მთლიანად ქართულ ფეხბურთზე. ჩემთვის ის გამორჩეული კაპიტანი და, პირველ რიგში, შესანიშნავი ადამიანია. მიყვარს ის არა მხოლოდ როგორც კაპიტანი, არამედ როგორც პიროვნება. მასთან მუშაობა უდიდესი სიამოვნება იყო და ჩემი კარი მისთვის ყოველთვის ღია იქნება
პრესკონფერენციის დასასრულს მწვრთნელმა ხვიჩა კვარაცხელიას მენტალიტეტი შეაქო, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლის მიუხედავად, ნაკრებში თამაში თავად მოითხოვა:
ხვიჩა კვარაცხელია ძალიან შრომისმოყვარე ფეხბურთელია. მასში ერთი რამ განსაკუთრებით მომწონს - მისი დამოკიდებულება. რაც არ უნდა მოხდეს, ის ყოველთვის ცდილობს ყოველდღიურად უკეთესი გახდეს. ეს არის გამარჯვებულის მენტალიტეტი. ეროვნულ გუნდთან მისი დამოკიდებულებაც სწორედ ამას აჩვენებს. ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლის შემდეგ თქვა, რომ ამხანაგურ მატჩებზეც აუცილებლად უნდა იყოს გუნდთან, რადგან დახმარება სურს. ის მხოლოდ შესანიშნავი ფეხბურთელი კი არა, ძალიან კარგი კაპიტანი არის. ბევრი ფეხბურთელი წარუმატებელი მატჩების შემდეგ მხოლოდ თავის გამართლებას ცდილობს, თუმცა მხოლოდ უმაღლესი დონის მოთამაშეები პოულობენ გამოსავალს რთული სიტუაციიდან და ხვიჩა სწორედ ასეთია

თამარ თაბუკაშვილი
კომენტარები