Sports Illustrated-ის ბოლო საფეხბურთო პოდკასტში ექსპერტებმა და წამყვანებმა მიმდინარე სეზონის ყველაზე ცხელი თემები მიმოიხილეს. დისკუსიის ერთ-ერთ მთავარ ფიგურად პსჟ-ის ქართველი ვარსკვლავი, ხვიჩა კვარაცხელია იქცა, რომლის ფენომენალურმა თამაშმაც ანალიტიკოსების უდიდესი აღფრთოვანება გამოიწვია.
ქართველი შემტევი მიმდინარე სეზონში საოცარ ფორმაშია და ევროპულ არენაზე საკუთარ ძალას კიდევ ერთხელ ამტკიცებს. ექსპერტების აზრით, კვარაცხელიას მთავარი უპირატესობა გადამწყვეტ მომენტებში პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებაა:
კვარაცხელია ჩემი ფავორიტი ფეხბურთელია, მე ის უზომოდ მიყვარს. მიმაჩნია, რომ ამჟამად მსოფლიო ფეხბურთში ის საუკეთესო მოთამაშეა, როდესაც საქმე დიდ და გადამწყვეტ მატჩებს ეხება. ის ყოველთვის მაშინ ჩნდება, როცა გუნდს ყველაზე მეტად სჭირდება.
ამ სიტყვებს ციფრებიც ადასტურებს - ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში ხვიჩას უკვე 14 საგოლე მოქმედება დაუგროვდა, რაც უმაღლესი დონის მაჩვენებელია.
თუ პარი სენ ჟერმენი ჩემპიონთა ლიგის მოგებას მოახერხებს, ხვიჩა კვარაცხელია წლის უმთავრესი ინდივიდუალური ჯილდოს - ოქროს ბურთის მოგების ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი გახდება.
ამ თემასთან დაკავშირებით წამყვანებმა პარიზული კლუბის სპორტული დირექტორის საკმაოდ საინტერესო და ირონიული ციტატაც გაიხსენეს. ხუმრობენ, რომ ქართველის გვარი ევროპელებისთვის იმდენად რთულად გამოსათქმელია, რომ ეს მის მარკეტინგულ აღქმას გარკვეულწილად აფერხებს:
პსჟ-ს სპორტულმა დირექტორმაც კი თქვა - გვარი რომ შეიცვალოს, ის ოქროს ბურთის მოგების უდავო ფავორიტი იქნებოდა. სწორედ ამიტომ ფიქრობენ მის გარკვეულ რებრენდინგზე.
კვარაცხელიას ირგვლივ არსებული აჟიოტაჟი მხოლოდ საფრანგეთითა და ჩემპიონთა ლიგით არ შემოიფარგლება. გადაცემაში ტურინის იუვენტუსის სატრანსფერო გეგმებზე საუბრისას აღინიშნა, რომ იტალიურ გრანდს, რომელსაც ლუჩანო სპალეტი წვრთნის, გუნდის გასაძლიერებლად სწორედ კვარას პროფილის ტოპ-ვარსკვლავები სჭირდება.
მიუხედავად იმისა, რომ იუვენტუსის ბიუჯეტი ამ ეტაპზე შეზღუდულია, პოდკასტის წამყვანებმა ხაზი გაუსვეს, რომ ხვიჩას დონის მოთამაშის ხილვა სერია ა-ს ნებისმიერი კლუბის უპირველესი ოცნება იქნებოდა.