საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა ჯიბრილ სისემ განაცხადა, რომ 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალისა და არგენტინელი ფეხბურთელების შეურაცხმყოფელი სკანდირებების შემდეგ არგენტინის ნაკრები სძულს.
შეგახსენებთ, 2024 წელს კოპა ამერიკის მოგების აღნიშვნის დროს არგენტინის ნაკრების ფეხბურთელებმა ფრანგ ფეხბურთელებზე შეურაცხმყოფელი სიმღერა იმღერეს:
„საფრანგეთისთვის თამაშობენ, მაგრამ ყველა ანგოლიდან არის. მათი დედები ნიგერიელები არიან, მამები – კამერუნელები, ხოლო პასპორტში წერია: ‘ფრანგი’.“
აღნიშნული კადრები ენცო ფერნანდესის მიერ სოციალურ ქსელში გაშვებულ პირდაპირ ეთერში გამოჩნდა. მოგვიანებით ენცომ საჯაროდ მოიხადა ბოდიში სოციალურ ქსელებში და თავისი საქციელისთვის ჩელსის თანაგუნდელებსაც მოუბოდიშა.
ორი წლით ადრე არგენტინამ საფრანგეთი დაამარცხა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში (3:3, პენალტებში 4:2).
— არის თუ არა არგენტინა საფრანგეთის მთავარი მეტოქე ნაკრებების დონეზე?
— დიახ, უეჭველად. იმ ყველაფრის გათვალისწინებით, რაც ვნახეთ.
ადრე, სიმართლე რომ ვთქვა, ისინი მომწონდნენ: მარადონა და ყველაფერი ეს, ყველას აღფრთოვანება ჰქონდა. მაგრამ იმ ყველაფრის შემდეგ, რაც მოხდა მსოფლიო ჩემპიონატზე და მას შემდეგ, მათ მიმართ დიდი სიძულვილი გამიჩნდა.
მართლა ვერ ვხვდები, როგორ შეძლეს ფრანგმა ფეხბურთელებმა, რომლებიც ენცოსთან ერთად ჩელსიში თამაშობდნენ, მისი პატიება. დიახ, ადამიანები შეცდომებს ვუშვებთ და მერე ბოდიშსაც ვიხდით, მაგრამ აქ ყველაფერი ძალიან შორს წავიდა — ეს ღრმად ჩამრჩა გულში, — თქვა სისემ.