თბილისში, ძიუდოს ევროპის ჩემპიონატი დაიწყო. პირველ დღეს, ჩვენმა გუნდმა 1 მედალი მოიპოვა, გულშემატკივარმა კი იხილა ქართულ-ფრანგული ფინალი, რომელშიც წარმოშობით 2 ქართველი მონაწილეობდა.
-60 კგ. წონით კატეგორიაში, საფრანგეთის სახელით მოასპარეზე ლუკა მხეიძემ სატიტულო შეხვედრაში მოქმედ ევროპის ჩემპიონ გიორგი სარდალაშვილს იპონით მოუგო და ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული მეორედ გახდა - პირველად 2023-ში.
შედეგად, სარდალაშვილი, რომელიც მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონია, კონტინენტის პირველობის ვიცე-ჩემპიონი გახდა და ვერცხლის მედალი მოიპოვა. საქართველოს დელეგაციისთვის ტურნირზე პირველი მედალია.
სარდალაშვილის გარდა, პირველ დღეს ტატამზე ვაჟა მარგველაშვილი (-66 კგ.), ჯულიეტა როდონაია (-48 კგ.) და ნინო თათრიშვილი (-52 კგ.) ვიხილეთ.
საქართველო ევროპის ჩემპიონატს 2009 წლის შემდეგ პირველად მასპინძლობს. ხვალ ტურნირის მე-2 დღეა - ჩვენი გუნდის სახელით, ეთერ ლიპარტელიანი (-57 კგ.), ნინო ლოლაძე (-57 კგ.), ნინო წიკლაური (-63 კგ.), მიხეილ ბახბახაშვილი (-73 კგ.) და ლაშა შავდათუაშვილი (-73 კგ.) იასპარეზებენ.