ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური ეტაპის გადამწყვეტ მატჩში, გიორგი შერმადინმა სუპერ პერფორმანსი აჩვენა და ლაგუნა ტენერიფე 1/2 ფინალში გაიყვანა.
ტენერიფესა და თურქული გალათასარაის სერიაში 1:1 იყო, დღევანდელ შეხვედრაში კი ესპანელებმა ოთხივე მეოთხედი მოიგეს და მეტოქეს გამანადგურებელი სხვაობით აჯობეს - 99:59.
შერმომ 18:52 წუთში 20 ქულა, 14 მოხსნა (4 შეტევაში), 3 ასისტი მიითვალა და გუნდის საბოლოო წარმატებაში უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა. 6-დან 5 ორქულიანი და 10-დან 10 საჯარიმო ჩააგდო.
ქართველი ცენტრის ეფექტიანობის ინდექსმა 35 შეადგინა, რასთან ახლოსაც კი არავინ ყოფილა - ხაიმე ფერნანდესსა და ფრან გერას ასევე 18-18 ჰქონდათ.
ლაგუნა ტენერიფე ჩემპიონთა ლიგის 4 საუკეთესო გუნდში მოხვდა და ესპანეთისვე ქალაქ ბადალონაში გასამართ ოთხთა ფინალში მიიღებს მონაწილეობას - 7 მაისს, 1/2 ფინალში, რიტას ვილნიუსს შეხვდება. მეორე 1/2 ფინალში უნიკახა მალაგა ათენის აეკ-ს დაუპირისპირდება. ფინალური მატჩი 9 მაისსაა ჩანიშნული.