VIDEO: მამუს პირველი საპლეიოფო ორმაგი დუბლი - კლივლენდი სერიაში 2:0 გაიქცა
21 აპრ, 2026 · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
სანდრო მამუკელაშვილის ტორონტო რეპტორსი კლივლენდ კავალიერსთან აღმოსავლეთ კონფერენციის 1/8 ფინალური სერიის მეორე მატჩშიც დამარცხდა - 105:115.
საერთოდ, კავალიერსმა რეპტორსს ზედიზედ მე-12 საპლეიოფო ურთიერთშეხვედრა მოუგო - ეს სვლა ჯერ კიდევ 2016 წლის კონფერენციის ფინალიდან იწყება.
"დონოვანსა და ჯეიმსს მნიშვნელოვანი როლი ჰქონდათ, მაგრამ, ვფიქრობ, ჩვენმა დაცვამ აიძულა ისინი, შეტევაში ასეთი მცირე სარგებელი მიეღოთ. სწორედ ესაა პლეი-ოფის არსი", - განაცხადა მატჩის შემდეგ კლივლენდელთა მწვრთნელმა, კენი ატკინსონმა.
მისი სიტყვების დასტურად შეიძლება ითქვას, რომ ტორონტოს მოთამაშეებმა ბურთი 22-ჯერ დაკარგეს, რითაც ატკინსონის გუნდმა 22 ქულა მოიპოვა. თავის მხრივ, სკოტი ბერნსმა აღნიშნა, რომ რეპტორსის მარცხი სწორედ დაკარგვებმა განაპირობა.
მწვრთნელის მიერ უკვე ნახსენებ დონოვან მიტჩელს 30 ქულა, 7 მოხსნა, 5 ასისტი ჰქონდა, ხოლო ჯეიმს ჰარდენს - 28 ქულა, 5 მოხსნა, 4 ასისტი. ასევე, გამოსარჩევია ევან მობლი, რომელმაც 13-დან 11 სროლა ჩააგდო და გუნდს 25 ქულა, 8 მოხსნა, 2 ასისტი შესძინა.
ტორონტოელთა შორის, სკოტი ბერნსი (26 ქულა, 4 მოხსნა, 5 ასისტი), არ ჯეი ბერეტი (22 ქულა, 9 მოხსნა, 5 ასისტი) და კოლინ მარეი-ბოილსი (17 ქულა, 7 მოხსნა, 1 ასისტი) იყვნენ ყველაზე შედეგიანი, თუმცა არც ერთს ჰქონია ორმაგი დუბლი, როგორც სანდრო მამუკელაშვილს - 12 ქულა, 10 მოხსნა, 2 ასისტი.
მამუკელაშვილმა წლევანდელ სეზონში - მე-4 და NBA-ის კარიერაში მე-12 ორმაგი დუბლი მიითვალა, ხოლო უშუალოდ საპლეიოფო მატჩში ეს მისთვის სადებიუტო ორმაგი დუბლია.
კლივლენდი სერიაში 2:0-ს იგებს და მოედნის უპირატესობა შეინარჩუნა, ახლა 2 შეხვედრა ტორონტოში გაიმართება - 24 აპრილის 04:00 საათსა და 26 აპრილის 21:00 საათზე.