VIDEO: მე-14 გოლი ჩემპიონატში - კიტეიშვილი ბომბარდირია, შტურმი ლიდერი
4 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ოთარ კიტეიშვილმა ავსტრიის ბუნდესლიგის ზედიზედ მე-2 ტურში გაიტანა და კვლავ ჩემპიონატის ბომბარდირია, მისი შტურმი კი ჩემპიონატს ლიდერობს.
საჩემპიონო ჯგუფის ეგიდით, 28-ე ტურში, შტურმ გრაცმა ერთ-ერთ მთავარ კონკურენტ ლასკ-ს (2 ქულით ნაკლები ჰქონდა და აქვს) უმასპინძლა და 1:1 ითამაშა.
კიტეიშვილმა მოედანზე 90 წუთი გაატარა, ხოლო გრაცელთა კიდევ ერთი ქართველი, გიზი მამაგეიშვილი თამაშში 66-ე წუთიდან ჩაერთო.
ლასკ-ი მე-18 წუთიდან კაცნაკლული იყო, თუმცა 52-ე წუთზე დაწინაურება მაინც მოახერხა, 67-ე წუთზე კი გუნდს კიდევ ერთი ფეხბურთელი გაუძევეს და თამაშის ჩამთავრება 9 კაცით მოუწია. 9-კაციან მეტოქეს შტურმმა 77-ე წუთზე უპასუხა, როცა პენალტი დაინიშნა და ის ზუსტად კიტეიშვილმა შეასრულა.
ქართველმა ნახევარმცველმა ბუნდესლიგის ამ გათამაშებაში მე-14 გოლი შეაგდო (3 ასისტიც აქვს), რითაც ბომბარდირთა დავაში სუფთა პირველ ადგილზე გადაინაცვლა - რიდის ზამბიელ შემტევ კინგსტონ მუტანდვას 13 გოლი აქვს, ხოლო ჰარტბერტის ელიას ჰაველს - 12.
ოთარს კარიერის ყველაზე შედეგიანი საჩემპიონატო სეზონი აქვს - აქამდე საუკეთესო სეზონი 12-გოლიანი ჰქონდა. ყველა საკლუბო ტურნირის ეგიდით, წელს 37 შეხვედრა აქვს ჩატარებული და 21 საგოლე მოქმედება შეასრულა - 18 გოლი და 3 ასისტი.
28 ტურის შემდეგ, შტურმს საჩემპიონო ჯგუფში 29 ქულა აქვს და მე-2 ადგილოსან ზალცბურგს - 1-ით, ხოლო მე-3 ადგილოსან ლასკ-ს 2 ქულით უსწრებს. მომდევნო ტურში, 26 აპრილს, 22-ქულიან აუსტრია ვენას უმასპინძლებს.