საქართველოს ხელბურთის ფედერაციის ინფორმაციით, ჩვენს ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს.
"საქართველოს ხელბურთელთა ეროვნულ ნაკრებს ახალი მწვრთნელი ეყოლება. 47 წლის ესპანელი სპეციალისტი რუბენ გარაბაია 11 მაისს, თავის სამწვრთნელო შტაბთან ერთად, წარსდგება ქართველი გულშემატკივრის წინაშე და ეროვნულ ნაკრებსაც ოფიციალურად ჩაიბარებს, რომლის შეკრებაც თბილისში იმავე დღეს დაიწყება", - აღნიშნულია განცხადებაში.
გარაბაია ბოლოს ჩრდილოეთ მაკედონიურ პერისტერს წვრთნიდა. აქტიური სახელბურთო კარიერისას კი, ესპანეთის ნაკრებთან ერთად, მსოფლიო ჩემპიონატზე - ოქროსა (2005) და ბრინჯაოს (2011), ევროპის ჩემპიონატზე - ვერცხლის (2006), ხოლო ოლიმპიურ თამაშებზე ასევე ბრინჯაოს მედალი (2008) აქვს მოპოვებული.
ესპანელი სპეციალისტი პოსტზე ჩაანაცვლებს ტიტე კალანდაძეს, რომელიც ჩვენს გუნდს ისტორიულ ტურნირებზე გაუძღვა - 2024-ის, საქართველოსთვის სადებიუტო, ევროპის ჩემპიონატზე და 2026-ის ასევე ევროპის ჩემპიონატზე.