გორში 0:4 მარცხის შემდეგ, დილა გორი, კონფერენს ლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში, აპოლონ ლიმასოლს სტუმრად ხვდება.
შიდა ქართლელთა მთავარმა მწვრთნელმა, დიამანტის ვავალისმა თამაშამდე შეფასებები გააკეთა. მის კომენტარს დილას სოციალური ქსელის გვერდი ავრცელებს.
"მატჩისწინა ბოლო ვარჯიში ახლახანს დავასრულეთ. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე ფეხბურთელი გვაკლია და სათასო მატჩის შემდეგ გარკვეული დაღლილობაც გვეტყობა, დარწმუნებული ვარ და ბიჭებიც აცნობიერებენ, რომ კარგად თამაში შეგვიძლია.
ვეცდებით, მოედანზე მაქსიმალურად მომზადებულები და ენერგიულები გავიდეთ. ხუთ დღეში სამი მატჩის ჩატარება მარტივი არ არის, თანაც ასეთ ძლიერ მეტოქესთან, განსაკუთრებით მაშინ, როცა წინა შეხვედრაში დიდი დრო ათი ფეხბურთელით მოგვიწია თამაში. თუმცა, ყველაფერს გავაკეთებთ გუნდისთვის, საკუთარი თავისთვის და ჩვენი გულშემატკივრებისთვის, რომ საუკეთესო მატჩი ჩავატაროთ.
გუნდში კარგი განწყობაა. ბოლო ორი დღის განმავლობაში რამდენადაც შესაძლებელი იყო, ვიმუშავეთ იმ შეცდომებზე, რომლებიც წინა შეხვედრაში დავუშვით. რა თქმა უნდა, გასაუმჯობესებელი ბევრი გვაქვს.
ამ ეტაპზე, ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, ხვალ კარგი თამაში ვაჩვენოთ, მაქსიმალურად კარგი შედეგი დავაფიქსიროთ და ამით არა მხოლოდ ჩვენს გუნდს, არამედ საქართველოსაც დავეხმაროთ, ქვეყნის საკლუბო რეიტინგისთვის მნიშვნელოვანი ქულების მოპოვებით", - აღნიშნა ვავალისმა.
აპოლონისა და დილა გორის მატჩი დღეს, თბილისის დროით 21:00 საათიდან გაიმართება.
ფოტო: დილა გორი