-
Aa
+
ფონტის ზომა
ჟალგირისი - დინამო თბილისი
თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართულ შეხვედრაში თემურ ქეცბაიას შეგირდებმა ლიტვური ჟალგირისი 3:0 გაანადგურეს და საპასუხო მატჩის წინ კომფორტული უპირატესობა მოიპოვეს - ვილნიუსელებს გოლები ნუმან კურდიჩმა, ლეო სანტოსმა და ნიკოლოზ უგრეხელიძემ გაუტანეს. ასევე ბრწყინვალე იყო ხვიჩა კვარაცხელიას 16 წლის ძმა თორნიკე, რომელმაც შეხვედრა ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო და მოედანზე 68 წუთი დაჰყო.
დიდხნიანი პაუზის შემდეგ თბილისურ კლუბს ჯაბა კანკავა დაუბრუნდა - ვეტერანი ნახევარმცველი პირველი მატჩის განაცხადშიც იყო, თუმცა მოედანზე არ შესულა. გულშემატკივრები ჯაბას საპასუხო მატჩში ელიან.
განმეორებითი შეხვედრა ხუთშაბათს, 30 ივლისს, ვილნიუსში გაიმართება - კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრა სტარტს თბილისის დროით 21:00-ზე აიღებს.
სალოვანი - იბერია
დინამოსგან განსხვავებით, რთული გამოიდგა იბერია 1999-ის საშინაო მატჩში - ბრატისლაველებმა ანდრეი დემჩენკოს შეგირდების კარი პირველ ტაიმში ორჯერ აიღეს. თბილისური გუნდი მატჩის მეორე ნახევარში გააქტიურდა, რასაც იაია ტურეს გუნდის კართან შექმნილი არაერთი სახიფათო მომენტი თუ გაუქმებული გოლი მოჰყვა. თბილისელთა სამწუხაროდ პირველ ტაიმში დაფიქსირებული ანგარიში აღარ შეიცვალა.
საპასუხო მატჩს იბერია ოთხშაბათს, 29 ივლისს, ბრატისლავაში გამართავს - ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრა სტარტს თბილისის დროით 22:15-ზე აიღებს.
წარუმატებლობის შემთხვევაში თბილისური კლუბი ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გადაინაცვლებს, სადაც მათი მეტოქე ჩრდილოეთ ირლანდიის ჩემპიონი ლარნე იქნება - ირლანდიური კლუბის დამარცხების შემთხვევაში იბერია ევროპა ლიგის ფლეი-ოფში თამაშსა და კონფერენს ლიგის ჯგუფური ეტაპის საგზურს ერთად გაინაღდებს.
აპოლონი - დილა
კოშმარული გამოდგა გორის დილას საშინაო მატჩი კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე - დიამანტის ვავალისის შეგირდები კვიპროსულ აპოლონთან 0:4 განადგურდნენ. მატჩის სტარტზე გაშვებულ ორ გოლს, დილას განელი შემტევი, ნანა კოფი დანკორის მე-40 წუთზე გაძევება დაემატა - ლიმასოლელებმა მეორე ნახევარში კიდევ ორჯერ აიღეს დავით კერესელიძის კარი.
განმეორებითი შეხვედრა სამშაბათს, 28 ივლისს, ლიმასოლში გაიმართება - მატჩი სტარტს თბილისის დროით 21:00-ზე აიღებს.
ჰართსი - შტურმი
ოთარ კიტეიშვილისა და გიზო მამაგეიშვილის შტურმი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის საგზურისთვის იბრძვის - ავსტრიულმა კლუბმა მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში შინ შოტლანდიურ ჰართთს უმასპინძლა და 4:0 გაანადგურა. კიტეიშვილი მატჩში მეორე ტაიმის სტარტზე ჩაერთო და საგოლე გადაცემა შეასრულა. მამაგეიშვილს სათამაშო დრო არ მისცემია.
განმეორებითი მატჩი სამშაბათს, 28 ივლისს ედინბურგში გაიმართება - შეხვედრა სტარტს თბილისის დროით 22:45-ზე აიღებს.
ქართველი ლეგიონერების ამხანაგური მატჩები
სეზონის პირველი მატჩი ჩაატარა გიორგი მამარდაშვილმა ლივერპულის შემადგენლობაში - მერსისაიდული კლუბი ამერიკული ტურნეს ფარგლებში სანდერლენდს დაუპირისპირდა და 4:2 იმარჯვა. ქართველმა კიპერმა მოედანზე 67 წუთი დაჰყო, რა დროშიც ერთი ბურთი მოიგერია, ხოლო 2 გაუშვა - მამარდაშვილი ფრედი ვუდმენმა შეცვალა.
ანდონი არეოლას გუნდი მეორე მატჩს ხუთშაბათს, 30 ივლისს ვრექსემის წინააღმდეგ გამართავს - შეხვედრა სტარტს თბილისის დროით 03:30-ზე აიღებს.
28 ივლისი. 19:30. საბა გოგლიჩიძისა და გიორგი ჩაკვეტაძის უდინეზე - შაბაბა ალ-აჰლი.
29 ივლისი. 18:30. გიორგი კვერნაძის ფროზინონე - სამბენედეტესე.
31 ივლისი. 16:00. გიორგი ქოჩორაშვილის სპორტინგი - ნოტინგემი.

ნიკოლოზ კვარაცხელია
კომენტარები

