VIDEO: სენსაცია ლანჩხუთში - მე-3 ლიგელმა გურიამ დინამო თასიდან გამოთიშა
1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის 1/16 ფინალში, ისტორიულ-ტრადიციული აფიშა იყო - ამჟამად მესამელიგელმა, გურია ლანჩხუთმა დინამო თბილისს უმასპინძლა და თასის გათამაშებას გამოთიშა.
ლანჩხუთში, ევგრაფი შევარდნაძის სახელობის სტადიონზე, გურულებმა მაგარი საფეხბურთო ატმოსფერო შექმნეს, რასაც ფეხბურთელებისგან კარგი თამაში მოჰყვა და თემურ ქეცბაიას გუნდს, ლუკა ჩაგანავას ერთადერთი გოლით, 1:0 მოუგეს.
შედეგად, გურია ლანჩხუთი შემდეგ ეტაპზე, 1/8 ფინალში გავიდა და ეროვნული ლიგა 2-ის წარმომადგენელ არაგვი დუშეთს შეხვდება - 2 აგვისტოს 16:30 საათიდან, ევგრაფი შევარდნაძეზე.
გურული კლუბის ხელმძღვანელობა სეზონის წინ შეიცვალა. მერაბ ჟორდანიას ვაჟი, კახი ჟორდანიაა სათავეში, მთავარი მწვრთნელი გოჩა ტყებუჩავაა, ხოლო შემადგენლობაში არაერთი გამოცდილი ფეხბურთელი თამაშობს - მეკარე ლევან ისიანი, ლევან კაკუბავა, დავით მაისაშვილი, ნოდარ იაშვილი, დათა სიჭინავა, თემურ შარაშენიძე, კიჭი მელიავა, კახა კახაბრიშვილი, ვატო არველაძე, თორნიკე კაპანაძე...
ეროვნული ლიგა 3-ის 15 ტურის შემდეგ, ლანჩხუთელები მე-2 პოზიციაზე არიან და დაუმარცხებელ ლიდერ თბილისი 2025-ს 6 ქულით ჩამორჩებიან.