საქართველოში ბარსელონას ხელბურთის აკადემიის ბანაკი ოფიციალურად გაიხსნა.
Barça Academy Handball Camp Georgia 2026 ჩვენს ქვეყანაში პირველად ტარდება - ბანაკი 100 სპორტსმენზეა გათვლილი, 50 გოგონა და 50 ვაჟია. ხელბურთელები საქართველოს ახალგაზრდულ ჩემპიონატებსა და სასკოლო ხელბურთის ფესტივალებზე შეირჩნენ.
ბანაკის ფარგლებში, აკადემიის ხელბურთის სპეციალისტები მონაწილეებთან ინტენსიურ პრაქტიკულ და თეორიულ ვარჯიშებს ჩაატარებენ. ბარსელონას აკადემიის მწვრთნელები გადაამზადებენ ახალგაზრდული ნაკრებების მწვრთნელებსაც, გაუზიარებენ თანამედროვე ხელბურთის მეთოდოლოგიას, ინდივიდუალური ტექნიკისა და გუნდური ტაქტიკის პრაქტიკას.
ბარსელონას აკადემიის ხელბურთის ბანაკი საქართველოში, 26-31 ივლისს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეშია წარმოდგენილი.