ინგლისის პრემიერ ლიგის 34-ე ტურში მანჩესტერ იუნაიტედმა ოლდ ტრაფორდზე ბრენტფორდი მიიღო.
მასპინძლებმა უპირატესობა პირველივე ტაიმში მოიპოვეს. მე-11 წუთზე კუთხურს ჰარი მაგუაირის თავური პასი და კაზემიროს ასევე თავური დარტყმით გოლი მოჰყვა.
ბრაზილიელმა ანგარში გახსნა და პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში მე-9 გოლი გაიტანა.
ტაიმის ბოლოს მანჩესტერმა კიდევ ერთი გოლის გატანა შეძლო. კონტრშეტევაზე ბრუნო ფერნანდეშის პასი ბენიამინ შეშკომ დააფასა.
პორტუგალიელმა ნახევარმცველმა სეზონში მე-19 საგოლე გადაცემა მიითვალა და მას ტიერი ანრისა და კევინ დე ბრუინის რეკორდამდე უკვე 1 ასისტი აშორებს.
მატჩის ბოლოს ბრენტფორდმა ერთი ბურთის გაქვითვა მოახერხა. 87-ე წუთზე სტუმართა მხრიდან თავი მატიას იენსენმა გამოიჩინა, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა და მანჩესტერმა 3 ქულა მოიპოვა.
მაიკლ კერიკის გუნდს ამ მოგებით 61 ქულა დაუგროვდა და სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილზე იმყოფება, მდევარ ლივერპულთან უპირატესობა კი 3 ქულაა.