თეთრ სახლში გასამართი UFC Freedom 250-ისთვის ყველაფერი მზადაა.
ღონისძიებაში მონაწილე 14-ვე მებრძოლმა წარმატებით გაიარა აწონვის პროცედურა, რის შემდეგაც სამხრეთ გაზონზე დაგეგმილ ისტორიულ საღამოს მწვანე შუქი აენთო.
მსუბუქი წონის ტიტულის პრეტენდენტმა ჯასტინ გეიჯიმ წონის ლიმიტი ზუსტად დააფიქსირა და სასწორმა 70.3 კილოგრამი აჩვენა, ხოლო ჩემპიონ ილია თოფურიასაც არანაირი პრობლემა არ შექმნია და მანაც ზუსტად 70.3 კილოგრამი დააფიქსირა.
საინტერესო დეტალი იყო დიეგო ლოპესის ორმაგი აწონვა. ბრაზილიელი, რომელიც საღამოს პირველ ბრძოლაში სტივ გარსიას დაუპირისპირდება ქვემსუბუქ წონაში, თავდაპირველად 66.2 კილოგრამი დააფიქსირა, რაც ამ დივიზიონის ლიმიტია.
მოგვიანებით კი, მთავარი ბრძოლის შესაძლო შემცვლელის სტატუსით, კვლავ გამოვიდა სასწორზე და ტანსაცმლით 69.9 კილოგრამი დააფიქსირა.
არანაირი პრობლემა არ ყოფილა მძიმე წონის დროებითი ჩემპიონობისთვის დაგეგმილ დაპირისპირებაშიც, სადაც ალექს პერეირა სირილ განს შეხვდება.
საშუალო და ქვემძიმე წონის ყოფილი ჩემპიონი პერეირა მძიმე წონის ლიმიტს მნიშვნელოვნად ჩამორჩა და სასწორმა 113.9 კილოგრამი აჩვენა. ბრაზილიელი შესანიშნავ ფიზიკურ ფორმაში გამოიყურებოდა. მისი მეტოქე სირილ განი კი 112.5 კილოგრამი იყო.
მძიმე წონის კიდევ ერთ ბრძოლაში დერიკ ლუისმა მაქსიმალური დასაშვები წონა, 120.2 კილოგრამი, დააფიქსირა, ხოლო ჯოშ ჰოკიტი მნიშვნელოვნად მსუბუქი აღმოჩნდა და სასწორმა 104.8 კილოგრამი აჩვენა.
VIDEO: წონა ჩაბარებულია - თოფურია თეთრ სახლში ბრძოლისთვის მზადაა!