ესპანურ პრესაში დიოგუ ჟოტასა და მისი ძმის ანდრე სილვას ავარიის ადგილიდან ვიდეო ვრცელდება.
ძმები თავიანთი ლამბორგინით ესპანეთში, სერანდილიასთან ახლოს, ზამორას პროვინციაში გზის სავალი ნაწილიდან გადავარდნენ, რის შემდეგაც მანქანას ცეცხლი წაეკიდა და მთლიანად დაიწვა. შემთხვევა ღამის 12:30 საათზე მოხდა.
როგორც იწერება, ძმების მანქანას მაღალი სიჩქარის დროს საბურავი გაუსკდა და შედეგად მისი დამორჩილება ვეღარ მოხერხდა. ვიდეოში ავტომობილის შესაძლო ტრაექტორიაც ჩანს.
პოლიციას დიოგუსა და ანდრეს ნათესავი დაუკავშირდა მას შემდეგ, რაც ძმები დანიშნულების ადგილზე არ მივიდნენ. გარდაცვლილები საბუთების ნახვის შემდეგ ამოიცნეს.