გიორგი კვერნაძის ფროზინონე სერია A-ში დაწინაურებასთან ერთ ნაბიჯშია.
სერია B-ს 37-ე ტურში, გიორგის გუნდმა მილანის ექს-ფეხბურთელ ინაციო აბატეს მიერ გაწვრთნილ მე-6 ადგილოსან იუვე სტაბიას სტუმრად მოუგო - 1:0.
კვერნაძემ 64-ე წუთამდე ითამაშა და ჰქონდა ერთი კარგი გარღვევა, რომელიც მახვილი კუთხიდან არაზუსტი დარტყმით დაასრულა. გოლი მისი გასვლიდან 3 წუთში გავიდა.
ფროზინონესთვის ძალიან მაგარი ამბავი მოხდა პარალელურ მატჩში - უშუალო კონკურენტმა მონცამ წააგო, რითაც მე-2 ადგილი ლაციოელებს გადააბარა. არადა, ურთიერთშეხვედრებით წინ მონცაა და თანაბარ ქულებზე უფრო მაღალ ადგილს ის იკავებს.
შექმნილი ვითარებით, ფროზინონეს ახლა 78 ქულა აქვს, მე-3 ადგილოსან მონცას 3 ქულით უსწრებს და სერია A-ს პირდაპირი საგზურის მოპოვებასთან ბოლო ტურში ფრეც ეყოფა.
მასიმილიანო ალვინის გუნდი გადამწყვეტ, 38-ე ტურში მასპინძლობს მანტოვას - სწორედ იმ გუნდს, რომელმაც ამ ტურში კონკურენტ მონცას მოუგო და უძვირფასესი ქულები დააკარგვინა. მანტოველები პლეი-ოფში გამყვანი მე-8 ადგილის დასაკავებლად იბრძვიან.
ცნობისთვის, სერია A-ს საგზური უკვე ოფიციალურად მოიპოვა ჯიოვანი სტროპას გაწვრთნილმა ვენეციამ, რომელიც უმაღლეს დივიზიონს 1-წლიანი პაუზის შემდეგ უბრუნდება. სტროპამ გასულ წელს კრემონეზე ამოიყვანა.