VIDEO: გამარჯვების გოლი 119-ე წუთზე - ალჟირი 1/4 ფინალში დრამატულად გავიდა
07 იან, 2026 · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
აფრიკის თასის 1/8 ფინალში, ალჟირმა კონგო დემოკრატიული რესპუბლიკის ნაკრებს 120-წუთიანი ბრძოლა 119-ე წუთზე გატანილი გოლით მოუგო - 1:0.
მატჩის გმირი კატარული ალ-დუჰაილის 22 წლის ფორვარდი, ადილ ბოულბინა გახდა, რომელიც 113-ე წუთზე ცვლილებაზე შევიდა და გამარჯვების გოლი გაიტანა - ინდივიდუალური გარღვევის შემდეგ, ლამაზი ძლიერი დარტყმით შეაგდო.
აღსანიშნავია, რომ ბოულბინამ მიმდინარე ტურნირზე მხოლოდ მეორედ ითამაშა და ჯამში მოედანზე 21 წუთი აქვს გატარებული. ნაკრების მაისური კარიერაში 8-ჯერ მოირგო და აქტივში ამდენივე საგოლე მოქმედება აქვს (7 გოლი და 1 ასისტი).
ალჟირი აფრიკის თასის 2019 წლის ჩემპიონია და მას შემდეგ 1/4 ფინალში პირველად გავიდა - 10 იანვარს, ნიგერიას შეხვდებიან.
რაც შეეხება კონგოს ეროვნული გუნდს, ის წინა, 2023 წლის გათამაშების 1/2 ფინალისტია - მე-3 ადგილისთვის შეხვედრა სამხრეთ აფრიკასთან პენალტებით დათმო.