VIDEO: კვლავ დაუმარცხებლად - ლაციო სანაკრებო პაუზას ლიდერად ხვდება
6 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
იტალიის სერია A-ში ლაციოს გამარჯვებების სერია დასრულდა.
ნაპოლიმ რომაულ კლუბთან ჩამორჩენა აღმოფხვრა და დიეგო არმანდო მარადონას სახელობის სტადიონზე გამართული შეხვედრა ფრედ, 1:1 დაასრულა.
ალფონსო პედრასას ავტოგოლის შედეგად ლაციომ სერია A-ში ზედიზედ მე-7 გამარჯვების მოპოვება ვერ შეძლო.
რომაული კლუბი შეხვედრას ჩემპიონატში ზედიზედ 6 მოგებით შეხვდა. ამასთან, ლაციოსთვის 1 ქულაც საკმარისი იყო, რათა სანაკრებო პაუზაზე სატურნირო ცხრილის ლიდერის სტატუსით გასულიყო.
28-ე წუთზე სტუმრები გამარჯვებას კიდევ უფრო მიუახლოვდნენ, როდესაც სწრაფი კონტრშეტევის დასრულებისას დავიდე ფრატეზიმ ძლიერი დარტყმით ანგარიში გახსნა.
მეორე ტაიმის დაწყებიდან 3 წუთში ნაპოლიმ ანგარიშის გათანაბრება მოახერხა. ნოას ლანგის ჩაწოდების შემდეგ ბურთი ალფონსო პედრასას მოხვდა და საკუთარ კარში აღმოჩნდა.
მიუხედავად იმისა, რომ ჯენარო გატუზოს თავისი ყოფილი კლუბის დამარცხება სურდა, ლაციოს მთავარ მწვრთნელს სეზონის შესანიშნავი დასაწყისით კმაყოფილების საფუძველი ნამდვილად აქვს.
რომაულმა კლუბმა 11 შეხვედრაში 29 ქულა დააგროვა და სერია A-ში საკუთარი რეკორდი დაამყარა. მანამდე ლაციოს საუკეთესო შედეგი 2017/18 წლების სეზონში დაფიქსირებული 28 ქულა იყო.
გარდა ამისა, ლაციო იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში კვლავ დაუმარცხებელია.
რომაულმა კლუბმა სეზონის საწყისი 11 შეხვედრა წაუგებლად ისტორიაში მხოლოდ მეორედ ჩაატარა. პირველად ეს 1972/73 წლების სეზონში მოხდა, როდესაც გუნდმა 6 მატჩი მოიგო და 5 ფრედ დაასრულა.
ნაპოლის კი ბოლო 5 შეხვედრაში მხოლოდ 1 გამარჯვება აქვს მოპოვებული და სანაკრებო პაუზას სატურნირო ცხრილის შუა ნაწილში ხვდება.