VIDEO: ლა ლიგა 2-ში მე-3 გოლი შეაგდო - გულიაშვილის რასინგმა ლიდერობა გაიმყარა
2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
გიორგი გულიაშვილმა ესპანეთის ლა ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში მე-3 გოლი გაიტანა. მისმა რასინგმა სპორტინგ ხიხონს შინ 3:1 მოუგო.
მე-10 წუთზე, დამუშავებული კომბინაციის შემდეგ, გულიაშვილმა კუთხურისას უკანა ძელი ჩაკეტა და სანტანდერელები დააწინაურა.
ქართველი შემტევი რასინგს იანვარში, 2.5 მლნ ევროს სანაცვლოდ შეუერთდა - ლა ლიგა 2-ის 10 მატჩში 3 გოლი და 1 ასისტი აქვს.
ხიხონელებმა გულიაშვილის გოლი მეორე ნახევრის შუაში გაქვითეს, მასპინძლებს კი გიორგის ნაცვლად მოედანზე მე-80 წუთზე შესულმა, გამოცდილმა ასიერ ვიიალიბრემ მოაგებინა - მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე დუბლი შეასრულა და მიმდინარე ჩემპიონატში 12 გოლი მოაგროვა.
ზედიზედ 2 წაგების შემდეგ, რასინგმა 3 ქულა მოიპოვა, 62 დააგროვა, ჩემპიონატის ლიდერია და უახლოეს მდევარ დეპორტივო ლა კორუნიას კვლავ 3 ქულით უსწრებს.
ცნობისთვის, ლა ლიგა 2-ის დასრულებამდე 9 ტური რჩება, უმაღლესში პირდაპირ საუკეთესო 2 გუნდი გადადის, მესამე-მეექვსე ადგილზე გასულები, პლეი-ოფის მეშვეობით, კიდევ ერთ საგზურს გაითამაშებენ.
სანტანდერელები მომდევნო ტურში, 5 აპრილს, მე-12 ადგილოსან ანდორას სტუმრობენ.