VIDEO: მუნდიალის მისია გრძელდება - ნეიმარი მოედანზე ასისტით დაბრუნდა
17 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
დეკემბერში მუხლზე ჩატარებული ოპერაციის შემდეგ, ნეიმარი კვირას სანტოსის შემადგენლობაში მოედანზე დაბრუნდა და პაულისტას ჩემპიონატში ველო კლუბესთან დამაჯერებელ გამარჯვებაში (6-0) მიიღო მონაწილეობა.
ნეიმარს სანტოსში ტრავმების გამო რთული სეზონი ჰქონდა. ის კლუბს გასულ წელს ალ-ჰილალიდან წასვლის შემდეგ შეუერთდა. მან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა იმაში, რომ გუნდს უმაღლეს დივიზიონში ადგილი შეენარჩუნებინა.
სელესაოს ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირს ეროვნულ ნაკრებში ორ წელზე მეტია არ უთამაშია. მისი ბოლო მატჩი ბრაზილიის ნაკრებში 2023 წლის 17 ოქტომბერს შედგა, როდესაც ურუგვაისთან შეხვედრაში მუხლის მძიმე ტრავმა მიიღო.
ბარსელონასა და პსჟ-ს ყოფილ ფეხბურთელს ჯერ არ მიუღია მიწვევა ბრაზილიის მთავარი მწვრთნელის, კარლო ანჩელოტისგან, რომელმაც გუნდი ივნისში ჩაიბარა.
ბრაზილია მსოფლიო ჩემპიონატის პირველ მატჩს 2026 წლის 13 ივნისს მაროკოს წინააღმდეგ გამართავს, შემდეგ კი 19 ივნისს ჰაიტის და 24 ივნისს შოტლანდიას შეხვდება. მანამდე სელესაო მარტში საფრანგეთსა და ხორვატიას ამხანაგურად დაუპირისპირდება.
მატჩის შემდეგ სანტოსის მწვრთნელმა მსოფლიო ჩემპიონატისთვის ნეიმარის ნაკრებში დაბრუნებას მხარი დაუჭირა.
„ვფიქრობ, ყველას სჭირდება ნეიმარი, სანტოსს, ეროვნულ ნაკრებს… ანჩელოტი ბედნიერი იქნება, თუ ის კარგად ითამაშებს. ყველაფერი თავის ადგილზე დადგება.
ის მსოფლიო დონის მოთამაშეა. მას ისევ აქვს ამბიცია. ამას ყოველ მატჩში ვხედავ, თუნდაც ვარჯიშზე შემცირებული შემადგენლობით: მას სურს იქ ყოფნა და გამარჯვება. სწორედ ეს ამოძრავებს მას.“ - განაცხადა სანტოსის თავკაცმა.