VIDEO: ყველაზე ასაკოვანი ფინალისტი AO-ზე - ჯოკოვიჩმა სინერს მოუგო და 38-ე ფინალს ითამაშებს
2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობის ისტორიაში ყველაზე ასაკოვანი ფინალისტი გახდა. 1/2 ფინალში მსოფლიოს მე-2 ჩოგან იანიკ სინერს 5-სეტიან ბრძოლაში, 4 საათსა და 12 წუთში მოუგო - 3:6; 6:3; 4:6; 6:4; 6:4.
სერბი ლეგენდა სეტებში AO-ს ბოლო 2 გათამაშების ჩემპიონს 2-ჯერ ჩამორჩა, თუმცა პროცესში დარჩენა მოახერხა, გადამწყვეტ სეტში 8-ვე ბრეიკ-პოინტი მოიგერია და, 38 წლისა და 241 დღის ასაკში, AO-ს ისტორიაში ყველაზე ასაკოვანი ფინალისტის სტატუსი მიიღო. აქამდე რეკორდი კენ რუზენვალს ეკუთვნოდა - 1972 წლის ფინალი 37 წლისა და 54 დღის ასაკში ითამაშა.
ნოვაკს მეტოქეზე 14-ით ნაკლები (12:26) ეისი და 26-ით ნაკლები (46:72) ვინერსი ჰქონდა. ასევე, 18-დან 16 ბრეიკ-პოინტი გადაარჩინა, სინერმა კი ეს 8-დან 5-ჯერ შეძლო.
ნოვაკ ჯოკოვიჩი დიდი სლემის ტურნირების ფინალში 38-ედ ითამაშებს, რაც ასევე ყველა დროის რეკორდია - მეორე ადგილზე როჯერ ფედერერია (31 ფინალი), მესამეზე რაფაელ ნადალი (30 ფინალი). კონკრეტულად AO-ზე ნოლეს 10-დან 10 ფინალი აქვს მოგებული.
ჯოკოვიჩს კარიერაში დიდი სლემის 24 ტიტული აქვს მოგებული, რაც ჩოგბურთის ისტორიაში მხოლოდ მარგარეტ კორტის შედეგს ვერ ჯობნის - მასაც 24 აქვს. ასე რომ, ეძლევა შანსი თავის რეკორდების დიდ ყულაბაში ეს უდიდესი რეკორდიც ერთპიროვნულად ჩააგდოს.
AO-ს ფინალისტთა ურთიერთშეხვედრებში ნოლე 5:4 იგებს, თუმცა უშუალოდ დიდი სლემის ფინალებში 0:2-ს აგებს - კარლიტოსმა ორივე ეს ფინალი უიმბლდონზე მოუგო.
კარლოს ალკარასისა და ნოვაკ ჯოკოვიჩის ფინალური მატჩი 1-ელ თებერვალს გაიმართება.