მსოფლიოს მე-5 ჩოგანი, ელენა რიბაკინა ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში კარიერაში მეორედ ითამაშებს და იმავე მეტოქეს შეხვდება.
1/2 ფინალურ შეხვედრაში, ყაზახმა ჩოგბურთელმა ამერიკელ ჯესიკა პეგულას 2-სეტიან ბრძოლაში მოუგო - 6:3; 7:6. ტაიბრეიკამდე, სეტის მიმდინარეობისას, 3 მატჩ-პოინტი ვერ გამოიყენა. პეგულას კი აშკარად ეტყობოდა ნერვიულობა და უხეშ შეცდომებს უშვებდა - დიდი სლემის ტურნირის 1/2 ფინალში კარიერაში მეორედ თამაშობდა.
რიბაკინა AO-ს ფინალში პირველად 2023 წელს გავიდა და არინა საბალენკასთან დამარცხდა. საინტერესოა, რომ მისი მეტოქე ამჯერადაც ბელარუსი ვარსკვლავი იქნება.
ზოგადად, ელენა რიბაკინა დიდი სლემის ტურნირების ფინალში მესამედ ითამაშებს - 2022 წელს უიმბლდონი მოიგო, 2023-ში კი, როგორც უკვე ვთქვით, AO-ს ფინალში საბალენკასთან დამარცხდა. თავად საბალენკას დიდი სლემის 4 ტიტული აქვს მოგებული, ფინალში კი მერვედ ითამაშებს.
არინა საბალენკა და ელენა რიბაკინა აქამდე ერთმანეთს 14-ჯერ შეხვდნენ და ბელარუსს ოდნავი უპირატესობა აქვს - 8:6.
აღსანიშნავია, რომ ფინალამდე ორივე ჩოგბურთელი გავიდა ისე, რომ 6 შეხვედრაში არც ერთი სეტი წაუგიათ.
AO-ს 2026 წლის ქალთა თანრიგის ფინალური მატჩი შაბათს, 31 იანვარს, როდ ლეივერის სახელობის კორტზე ჩატარდება.