VIDEO: სამი დუბლი ერთ მატჩში - ბარსელონამ ნიუკასლი გაანადგურა
1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის საპასუხო მატჩში ბარსელონამ კამპ ნოუზე ნიუკასლი მიიღო.
გუნდებს შორის პირველი შეხვედრა, რომელიც სენტ-ჯეიმს პარკზე გაიმართა, 1-1 დასრულდა.
დღევანდელ მატჩში ანგარიში სწრაფი გოლით გაიხსნა. მე-6 წუთზე მასპინძლები რაფინიამ დააწინაურა, მე-15 წუთზე კი ენტონი ელანგამ წონასწორობა აღადგინა, თუმცა აქედან 3 წუთში მარკ ბერნალმა კვლავ წინ გაიყვანა ბლაუგრანა.
28-ე წუთზე ელანგამ ანგარიში კვლავ გაათანაბრა და დუბლი შეასრულა, თუმცა ბარსელონამ ტაიმის მოგება კომპენსირებულ დროში მაინც მოახერხა. პენალტი ზუსტად ლამინ იამალმა დაარტყა.
მეორე ტაიმში კატალონიელებმა გადამწყვეტი უპირატესობა მოიპოვეს და მეტოქეს 4 უპასუხო გოლი გაუტანეს.
51-ე წუთზე სხვაობა ორამდე ფერმინ ლოპესმა გაზარდა, აქედან 5 წუთში თავისი გოლი რობერტ ლევანდოვსკიმაც გაიტანა, რომელმაც 61-ე წუთზე თავი კიდევ ერთხელ გამოიჩინა და დუბლიც შეასრულა.
72-ე წუთზე კი მატჩის ბოლო გოლი რაფინიამ გაიტანა და ელანგასა და ლევანდოვსკის მსგავსად მანაც დუბლი მიითვალა.
საბოლოოდ ბარსელონამ ნიუკასლი 7-2 გაანადგურა, ორი მატჩის ჯამში 8-3 იმარჯვა და ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში გავიდა, სადაც ტოტენჰემსა და ატლეტიკოს წყვილში გამარჯვებულს შეხვდება.