-
Aa
+
ფონტის ზომა
იტალიელმა მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა მიომირ კეჩმანოვიჩთან ხუთსეტიანი ბრძოლა მოიგო, მიუხედავად იმისა, რომ მატჩის დროს ფეხი დაიზიანა და ფეხსაცმელი სისხლითაც კი შეეღება.
სინერი ძალიან ახლოს იყო იმასთან, რომ უიმბლდონის მოქმედ ჩემპიონებს შორის მხოლოდ მე-3 გამხდარიყო, რომელიც პირველივე წრეში გამოეთიშებოდა ტურნირს, თუმცა საბოლოოდ 4-6, 6-3, 6-7 (6/8), 6-2, 6-3 გაიმარჯვა.
იტალიელი ერთ მომენტში სეტებში 1:2 მარცხდებოდა, მაგრამ ძალები მოიკრიბა და ბოლო 6 ხუთსეტიან მატჩში პირველი გამარჯვება მოიპოვა.
მისი წარმატება კიდევ უფრო შთამბეჭდავი გახდა მას შემდეგ, რაც უხერხული დაცემისას მარჯვენა ფეხი დაიზიანა.
ტკივილისგან სინერმა ხმამაღლა დაიყვირა, რამდენიმე წამით უძრავად იწვა კორტზე, შემდეგ კი თამაში გააგრძელა, მიუხედავად იმისა, რომ ფეხსაცმელი სისხლით ჰქონდა დასვრილი.
სინერმა განაცხადა, რომ ტრავმა სერიოზული არ არის:
კარგად ვარ. გარედან ბევრად უარესად ჩანს, ვიდრე სინამდვილეშია.
,,გამიკვირდა კიდეც, თამაში რომ გამაგრძელებინეს, რადგან ჩემი მთლიანად თეთრი ფორმა ცოტათი წითლად გადაიქცა. ეს მხოლოდ ფრჩხილის დაზიანებაა.“
კარლოს ალკარასის არყოფნის ფონზე, რომელიც აპრილში ბარსელონაში მიღებული მაჯის ტრავმის გამო კვლავ ვერ თამაშობს, სინერი უიმბლდონის მოგების მთავარ ფავორიტად ითვლება.
24 წლის ჩოგბურთელი კარიერაში მე-5 დიდი სლემის ტიტულისთვის იბრძვის და გასული წლის შემდეგ სურს კვლავ მოიგოს ლონდონის ტურნირი.
თუმცა მიმდინარე სეზონი მისთვის იდეალური არ ყოფილა. ის წელს საფრანგეთის ღია პირველობაზე მეორე წრეში გამოეთიშა ასპარეზობას, როდესაც ხუან მანუელ სერუნდოლოსთან ორსეტიანი უპირატესობა გაანიავა.
მეორე წრეში სინერი პორტუგალიელ ნუნუ ბორჟეშს შეხვდება.
ალკარასის არყოფნის ფონზე სინერის ერთ-ერთ მთავარ კონკურენტად ნოვაკ ჯოკოვიჩი მიიჩნევა.
39 წლის სერბი უიმბლდონის შვიდგზის ჩემპიონია და კარიერაში რეკორდული, დიდი სლემის 25-ე ტიტულის მოპოვებას ცდილობს.
ამ გამარჯვების შემთხვევაში ის ღია ერაში დიდი სლემის ყველაზე ასაკოვანი ჩემპიონი გახდება.
თუმცა პირველ წრეში ჯოკოვიჩს გამარჯვება იოლად არ მოუპოვებია. ჩინელ ვუ იბინთან შეხვედრაში მას სამ საათზე მეტი დასჭირდა და საბოლოოდ 6-4, 5-7, 6-4, 6-4 გაიმარჯვა.
დღეს ძალიან რთული მატჩი იყო. ბედნიერი ვარ, მაგრამ თავს განსაკუთრებით სუფთად და ენერგიულად ვერ ვგრძნობ.
,,სიმართლე რომ ვთქვა, ეს საერთოდ არ ჰგავდა პირველი წრის შეხვედრას,“ - განაცხადა ჯოკოვიჩმა, რომელიც შემდეგ ეტაპზე სტეფანოს ციციპასს შეხვდება.
ქალთა მსოფლიო რეიტინგის ლიდერმა არინა საბალენკამ სერბი კვალიფიკანტი თეოდორა კოსტოვიჩი მხოლოდ 65 წუთში დაამარცხა - 6-2, 6-3.
ბელარუს ჩოგბურთელს დიდი სლემის 4 ტიტული აქვს მოგებული, თუმცა უიმბლდონის ფინალში ჯერ არასოდეს უთამაშია.
მეორე წრეში საბალენკა ამერიკელ მაკარტნი კესლერს დაუპირისპირდება.
ძალიან მიხარია აქ დაბრუნება. ეს განსაკუთრებული ადგილია და ამ ულამაზეს კორტზე თამაში ყოველთვის სასიამოვნოა.
საფრანგეთის ღია პირველობის ფინალისტი მაია ხვალინსკა მოულოდნელად დამარცხდა ტაილანდელ მანანჩაია სავანგკევთან - 2-6, 7-5, 6-2. პოლონელმა მატჩ-პოინტის დროს ტრავმაც მიიღო.
იაპონელმა ნაომი ოსაკამ კიმონოს სტილში შექმნილი გამორჩეული სამოსით მიიპყრო ყურადღება, შემდეგ კი ფრანგი ელსა ჟაკმო ორ სეტში დაამარცხა.
ნორვეგიელი კასპერ რუდი პოლონელ ჰუბერტ ჰურკაჩთან დამარცხდა - 6-4, 6-2, 7-6 (9/7).
კანადელმა ფელიქს ოჟე-ალიასიმმა დამაჯერებლად აჯობა ალექსანდრ შევჩენკოს.
საფრანგეთის ღია პირველობის მოქმედმა ჩემპიონმა, 19 წლის მირა ანდრეევამ, მაგდა ლინეტი ორ სეტში დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე 2024 წლის უიმბლდონის ჩემპიონ ბარბორა კრეიჩიკოვას შეხვდება.
ამერიკელმა ჯესიკა პეგულამ მარტივად დაამარცხა დარია ვიდმანოვა.
დიდი სლემის ორგზის ჩემპიონმა კოკო გოფმა თამარა კორპაჩს უშანსოდ მოუგო.

თაზო ჩარკვიანი
26 ივნ, 2026
29 ივნ, 2026
კომენტარები

