ჩემპიონთა ლიგის მე-8 ტურის მატჩი, ბენფიკასა და რეალ მადრიდს შორის, სუპერ დრამატული გამოდგა - ლისაბონელებმა შემდეგი ეტაპის საგზური ბოლო წამებზე, მეკარე ანატოლი ტრუბინის მიერ გატანილი გოლით მოიპოვეს.
ტრუბინი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში მე-5 მეკარეა, ვინც გოლი გაიტანა - ჰანს-იორგ ბუტის, სინან ბოლატის, ვენსან ენიეამასა და ივან პროვედელის შემდეგ.
გერმანელ ჰანს-იორგ ბუტს ყველაზე მეტი, 3 გოლი აქვს გატანილი. სამივე პენალტიდან შეაგდო და სამივე იუვენტუსის კარში, ოღონდ ყველა სხვადასხვა შეხვედრაში - 2000 წელს ჰამბურგის რიგებიდან, 2002 წელს - ლევერკუზენის, ხოლო 2009 წელს - ბაიერნის.
2009-10 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში, თურქმა სინან ბოლატმა ალკმაართან გაიტანა და ლიეჟის სტანდარდს ევროპა ლიგის საგზურის მომტანი მე-3 ადგილი მოუპოვა.
2010-11 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის მე-2 ტურში, ჰაპოელ თელ-ავივის ნიგერიელმა მეკარემ, ვენსან ენიეამამ ლიონთან პენალტი შეაგდო - მისმა გუნდმა 1:3 წააგო.
2023-24 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის 1-ელ ტურში, ლაციოს მეკარე ივან პროვედელმა ატლეტიკო მადრიდს ანგარიში ბოლო წუთებზე გაუთანაბრა და რომაელებს ქულა მოუტანა.
2025-26 წლების სეზონის ლიგის ფაზის ბოლო ტურში კი, ანატოლი ტრუბინმა რეალ მადრიდთან შეაგდო და ლისაბონის ბენფიკა შემდეგ ეტაპზე სუპერ დრამატული სცენარით გაიყვანა.
ცნობისთვის, 5-დან 2 მეკარეს (ბუტსა და ენიეამას) მხოლოდ პენალტიდან აქვს გატანილი, ხოლო 3-მა მათგანმა (ბოლატმა, პროვედელმა და ტრუბინმა) თავური დარტყმის შედეგად შეაგდეს.
ტრუბინის გოლი უკვე არაერთხელ გექნებათ ნანახი, მეკარეთა დანარჩენი გოლები კი ამ ლინკზეა.