ვილიარეალისა და ბარსელონას მატჩი, რომელიც მაიამიში უნდა გამართულიყო, გაუქმდა.
ინფორმაცია როგორც ლა ლიგამ, ისე მატჩის ორგანიზატორმა Relevant Sports-მა დაადასტურეს. შეხვედრა ჰარდ როკის სტადიონზე 20 დეკემბერს უნდა ჩატარებულიყო.
„მიღებულია გადაწყვეტილება ღონისძიების გაუქმების შესახებ იმ გაურკვევლობის გამო, რომელიც ბოლო კვირების განმავლობაში ესპანეთში იყო,“ - წერია ლა ლიგის განცხადებაში.
ასევე ლა ლიგაში ნანობენ, რომ ესპანური ფეხბურთის საერთაშორისო გაფართოების ისტორიული და უპრეცედენტო შესაძლებლობა ვერ განხორციელდა.
მას შემდეგ, რაც ვილიარეალისა და ბარსელონას მატჩის ჩატარების ადგილად მაიამი ოფიციალურად გამოცხადდა, ამ ინფორმაციას ესპანურ საფეხბურთო სამყაროში დიდი პროტესტი მოჰყვა.
მათ შორის ლა ლიგის გასულ ტურში გუნდების კაპიტნები შეთანხმდნენ, რომ მატჩების საწყისი 15 წამის დროს ფეხბურთელები პროტესტის ნიშნად თამაშზე უარს იტყოდნენ.