ფუტსალის U19 ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლისთვის მზადება იწყება. ნიონში გამართულმა წილისყრამ საქართველოს ნაკრების მეტოქეების ვინაობა უკვე გაარკვია.
ჩვენი გუნდი ტურნირში წინასწარი ეტაპიდან, კერძოდ კი B ჯგუფიდან ჩაერთვება. ქართველი ფუტსალისტების წინააღმდეგ მოედანზე ანდორა, ალბანეთი და მინი-ტურნირის მასპინძელი ლიეტუვა გავლენ. შეხვედრები 19-დან 24 იანვრის ჩათვლით არის ჩანიშნული და მთავარი პირობა ისაა, რომ შემდეგ ეტაპზე მხოლოდ პირველ ადგილზე გასული გუნდი ინაცვლებს.
თუ საქართველო წინასწარ ბარიერს წარმატებით დაძლევს, ძირითად რაუნდში გადავა და პირველ ჯგუფში საკმაოდ სერიოზულ კონკურენტებს: სლოვენიას, ბელგიასა და ბელარუსს შეხვდება.
ევროპის ჩემპიონატის ფინალური ტურნირი ყაზახეთში ჩატარდება და იქ ასპარეზობის უფლებას მხოლოდ ძირითადი ჯგუფების გამარჯვებულები მოიპოვებენ.
