-
Aa
+
ფონტის ზომა
მესის კონტრაქტი 2028 წლამდეა გათვლილი, თუმცა მფლობელი ხორხე მასი სამომავლო გეგმებს უკვე აწყობს.
მადრიდში, მეტროპოლიტანოს სტადიონზე გამართულ ფორუმზე საუბრისას, ამერიკელმა ბიზნესმენმა აღნიშნა, რომ კლუბის მიზანი „მესის ეფექტის“ მუდმივ მემკვიდრეობად ქცევაა. მისი თქმით, ფანები უკვე კითხულობენ, ვინ იქნება შემდეგი ვარსკვლავი, რომელიც მაიამიში ჩამოვა.
ხორხე მასმა Mundo Deportivo-სთან საუბრისას გულშემატკივრების მოლოდინებზე გაამახვილა ყურადღება
მინდა ვისიამოვნო მესით მანამ, სანამ ის ჩვენთანაა, მომდევნო ორი წლის განმავლობაში. ჩვენი ფანები სულ გვეკითხებიან, ვინ იქნება შემდეგი. ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ გავაფორმოთ კონტრაქტები ვარსკვლავებთან, მაგრამ ასევე ახალგაზრდა ტალანტებთან, რათა ჩვენს მხარდამჭერებს კუთვნილების განცდა ჰქონდეთ. რაც ჩვენი გულშემატკივრებისთვის მნიშვნელოვანია, ეს არის კონკურენცია და გამარჯვება
მასის ხედვით, ინტერ მაიამი მხოლოდ საფეხბურთო კლუბი არ არის. სამი კვირის წინ გახსნილი ახალი სტადიონი და გასართობი კომპლექსი ამერიკული საფეხბურთო ბაზრის ათვისების სტრატეგიის ნაწილია:
შემდეგი ნაბიჯია გავაგრძელოთ ბრძოლა დიდი გუნდის ასაშენებლად ისეთ დიდ ბაზარზე, როგორიც აშშ-ია, მაგრამ სადაც ლიგა ქვეყნის შიგნით პოპულარობით მხოლოდ მეხუთეა. ეს უზარმაზარი ბაზარია, რომელიც ბოლომდე ათვისებული არ არის
მფლობელმა ემოციური მომენტებიც გაიხსენა:
სამი კვირის წინ გავხსენით მაიამის ახალი სტადიონი, რომელიც მხოლოდ სტადიონი არ არის, ესაა ადგილი გართობისთვის, შოპინგისთვის და ახალი გამოცდილებისთვის. ჩემი ერთ-ერთი ყველაზე ბედნიერი მომენტი იყო, როცა დეკემბერში ჩემპიონატი მოვიგეთ და ჩემ გარშემო ოჯახების ზეიმს ვხედავდი. მაიამიში გაივლით და ყველგან მხოლოდ ვარდისფერ მაისურებს ხედავთ. მნიშვნელოვანია შევცვალოთ კულტურული გავლენა, რომელიც ფეხბურთს შეუძლია იქონიოს
ამჟამად ინტერ მაიამი MLS-ის მთავარ ფავორიტად რჩება. სანამ მესი გუნდს მოედანზე ლიდერობს, ისინი ჩრდილოეთ ამერიკის ყველაზე პოპულარულ გუნდად დარჩებიან, თუმცა „ვარდისფერი რევოლუციის“ საფუძველი იმდენად მყარია, რომ კლუბი დომინირების შენარჩუნებას ლეგენდის წასვლის შემდეგაც გეგმავს.

თამარ თაბუკაშვილი
კომენტარები