არენამაქსი
ქვიზები
ქვიზების ლიგა
სიახლეები
-
Aa
+
ფონტის ზომა
"ჩემზე დიდი გავლენა მოახდინეს მადრიდის რეალის ლეგენდებმა, რომლებიც არასდროს ჩერდებიან — არცერთ ვარჯიშზე. მათგან ძალიან ბევრი ვისწავლე. გამოცდილი ფეხბურთელების მოსმენა უფრო მიყვარს, ვიდრე საუბარი, რადგან ეს განვითარებისთვის ბევრად უფრო სასარგებლოა.
მალე მეც შევძლებ იმას, რაც ლუკა მოდრიჩმა, ტონი კროოსმა და კარიმ ბენზემამ ჩემთვის გააკეთეს. მათ გადმომცეს სიმშვიდე და გამოცდილება და მომავალში ამას ახალგაზრდა ფეხბურთელებს გადავცემ, რომლებიც ახალი მოხვედრილები იქნებიან ძირითად შემადგენლობაში." — ეს ვინისიუს ჯუნიორის სიტყვებია, რომელიც მან 2024 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ მიცემულ ინტერვიუში თქვა.
მაშინ მადრიდის რეალმა 2:0 მოიგო, ერთ-ერთი გოლი კი ვინისიუსმა გაიტანა. 24 წლამდე ცოტა ხნით ადრე ბრაზილიელი ჩემპიონთა ლიგის ორგზის გამარჯვებული გახდა — ორ ფინალში გატანილი ორი გოლით — და ოქროს ბურთის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად ითვლებოდა.
რამდენიმე თვის შემდეგ, ოქტომბერში, ჩემპიონთა ლიგაზე მადრიდის რეალი კვლავ შეხვდა დორტმუნდის ბორუსიას. 0:2-დან შესრულებული შთამბეჭდავი ქამბექი ვინისიუსმა ჰეთ-თრიქით დაასრულა.
მეორე გოლის წინ მან ბურთით დაახლოებით 80 მეტრი გაირბინა, გოლის შემდეგ კი მაისური გაიხადა, მადრიდის რეალის გულშემატკივრების წინ გაჩერდა და საკუთარ თავზე მიუთითა.
თითქოს, ამ ბიჭისთვის შეუძლებელი არაფერი იყო.
ტრიბუნები ოქროს ბურთს ითხოვდნენ.
დაჯილდოების ცერემონიამდე ერთ კვირაზე ნაკლები რჩებოდა და გამარჯვებულში თითქმის არავის ეპარებოდა ეჭვი — ვინისიუსი მწვერვალზე იყო.
მატჩის შემდეგ მადრიდის რეალის დირექტორი ემილიო ბუტრაგენიო მას პელეს ადარებდა, ხოლო კარლო ანჩელოტი და კარიმ ბენზემა ღიად უწოდებდნენ ოქროს ბურთის მომავალ მფლობელს. მის ძალას აღიარებდნენ ყველაზე პრინციპული მეტოქეებიც — ბარსელონას ფეხბურთელებმა ინიგო მარტინესმა და ჟულ კუნდემ ინტერვიუში ღიად თქვეს, რომ ის ოქროს ბურთის დამსახურებული გამარჯვებული იქნება.
და სწორედ აქ მოხდა მოულოდნელი გარდატეხა — თითქოს დრამატული სერიალის ის მკვეთრი ხმა, რომელიც სცენებს შორის ჩნდება.
ცერემონია ახლოვდებოდა და შოკისმომგვრელი ინსაიდები ნელ-ნელა ჭორებიდან სანდო ინფორმაციად გადაიქცა. სიტუაცია მით უფრო უცნაური იყო, რადგან წარსულში ოქროს ბურთის გამარჯვებულის დამალვა პრაქტიკულად არასდროს გამოდიოდა — როგორც წესი, გამარჯვებულის სახელი ერთი კვირით ადრე უკვე ყველასთვის იყო ცნობილი. ამჯერად კი ყველაფერი უხერხული დეტალებით აივსო: ვინისიუსი წინასწარ გეგმავდა წვეულებას პარიზის ცენტრში, მეგობრებს როლექსებსაც დაპირდა და ცერემონიისთვის კოსტიუმიც შეარჩია.
მაგრამ ვერ მოიგო.
პარიზში მადრიდის რეალიდან არცერთი წარმომადგენელი არ ჩაფრენილა. თავად ვინისიუსმა კი სოციალურ ქსელში მხოლოდ მოკლე შეტყობინება გამოაქვეყნა:
ათჯერ მეტს გავაკეთებ, თუ საჭირო იქნება. ისინი ამისთვის მზად არ არიან
სამყარო იმდენად სწრაფია, რომ ამბები მასში თითქმის არ ჩერდება. დღეში ათობით სტატია არენაზე, რილსების და ტიკტოკების უსასრულო ნაკადი. ფეხბურთის მოვლენებმა ძველი სიმწვავე დაკარგა. გაიხსენეთ, როგორი აჟიოტაჟი მოჰყვა ნეიმარის გადასვლას პსჟ-ში — კვირების განმავლობაში ამაზე კომენტარები არ წყდებოდა. ბოლო წლებში ჩვენი რეაქცია შეიცვალა და ხშირად, სწრაფი ემოციური აფეთქება უკვე მეორე დღეს ქრება.
მაგრამ ვინისიუსის გარშემო ატმოსფერო სხვაგვარია — მუდმივი, გაწელილი სკანდალი, სადაც ყოველი ახალი ამბავი მაშინ ფეთქდება, როცა წინა ჯერ კიდევ ბოლომდე არ ჩამქრალა. მასობრივ ცნობიერებაში ლამაზი ისტორიის ნაცვლად — ბიჭისა, რომელმაც ფრაზიდან „მას არ გადააწოდო, ჩვენს წინააღმდეგ თამაშობს“ რამდენიმე წელიწადში ოცნებამდე აიფრინა და მადრიდის რეალის მთავარ ვარსკვლავად იქცა — დამკვიდრდა სხვა სახე: უცნაური ფეხბურთელი, რომელიც თვალებდაჭყეტილი ყვირის მსაჯებზე და ყველაფერზე წუწუნებს.
ასე შენდება და ინგრევა იმიჯი. ახლა მას არაფერს ავიწყებენ. ეს პირადი ჯოჯოხეთია.
რაიო ვალეკანოს გულშემატკივრები სკანდირებენ: „ვინისიუს, სანაპიროს ბურთი“. ის კი ნერვებს ვერ თოკავს და მათ სეგუნდაში გავარდნას უსურვებს.
დეკემბერში იღებს დამამშვიდებელ The Best-ს და ტვიტერში ემოციებს ვერ მალავს:
დიახ, მე მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი ვარ. ისინი ცდილობენ დამაკნინონ, გამაფასურონ. მაგრამ ისინი ამისთვის მზად არ არიან. ვერავინ მიმითითებს, რისთვის უნდა ვიბრძოლო და როგორ მოვიქცე.
და კიდევ უფრო მეტ ზიზღს იღებს საპასუხოდ.
ასე იქცა 2025 წელი გადამწყვეტად.
ან მოედანზე დაამტკიცებ, რომ ფრაზები „თქვენ მზად არ ხართ“ და „მე მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი ვარ“ ცარიელი სიტყვები არ არის. რომ გავის წინაშე 0:4-ზე ჯერ არმოგებული ოქროს ბურთით თავის გამოჩენა ფუჭი არ იყო. რომ ფლორენტინო პერესმაც ტყუილად არ აიტანა კრიტიკა მადრიდის რეალის მიერ ცერემონიის ბოიკოტის გამო. რომ საბოლოოდ ეს ყველაფერი უბრალოდ სამწუხარო შეცდომაა და ჯილდოს მართლა იმსახურებ.
ან უბრალოდ ხმაურიანი ადამიანი ხარ, რომელიც მთელ სამყაროზე გაბუტულია, რადგან სასურველი სათამაშო ვერ მიიღო.
3 იანვარი — წლის პირველი მატჩი, მადრიდის რეალი ვალენსიის წინააღმდეგ. „სანაპიროს ბურთის“ შეძახილები სტვენას ერეოდა. თავიდან ვინისიუსი არ რეაგირებდა, შემდეგ ორი თითი აჩვენა — თითქოს ისევ სეგუნდაში გავარდნა უსურვა.
და მერე გადაეკეტა. უკნიდან თავში უბიძგა მეკარეს — სტოლე დიმიტრიევსკის.
გაძევების შემდეგ მსაჯს ისე უყვიროდა, რომ თანაგუნდელების დასამშვიდებელი გახდა.
იმ სიმშვიდისგან, რომელზეც 2024 წლის ზაფხულში საუბრობდა, კვალიც აღარ დარჩა.
შეურაცხყოფები — ის ეგრევე ყვირილზე გადადის
პროვოკაციები — პირველივეზე ფეთქდება.
მსაჯებთან კამათისთვის მიღებული ყვითელი ბარათები ტრადიციად იქცა. ყოველი დაცემის შემდეგ ცისკენ აღმართული ხელები, ყოველი არნაჩვენები ბარათის გამო მეტოქეების მისამართით ნერვული ჟესტები.
მარტში ვინისიუსმა ატლეტიკოსთან პენალტი ვერ გამოიყენა — ბურთი კარს ზემოთ გადააგდო. ერთი თვის შემდეგ კიდევ ერთი გააფუჭა — მისი მოძულებული ვალენსიის წინააღმდეგ. ამის შემდეგ კარლო ანჩელოტიმ პენალტების შემსრულებლად კილიან მბაპე დანიშნა.
გაწელილი უგოლო სერიები სულ უფრო ხშირად მეორდებოდა — ერთხელ 1 გოლი და 1 საგოლე გადაცემა 10 მატჩში, მერე 1 გოლი 5 თამაშში, შემდეგ კი მხოლოდ 1 შვიდ შეხვედრაში.
შავი ხვრელი ყველაფერს სულ უფრო ღრმად ითრევდა.
ახალი სეზონი თითქოს შანსი უნდა ყოფილიყო, რომ ყველაფერი წარსულში დარჩენილიყო. მაგრამ არა — ძველ ისტერიკებს ახალი დაემატა.
საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატზე ალ-ჰილალთან 1:1-ისა და სიმულაციისთვის მიღებული ყვითელი ბარათის შემდეგ კრიტიკა წამოვიდა — რაზეც მან ეგრევე ინსტაგრამიდან მადრიდის რეალის ხსენება წაშალა და მოხსნა ჩემპიონთა ლიგის თასთან გადაღებული ფოტო.
ამ ყველაფერს ემატება სურვილი ახალი — და სასურველია უსაზღვრო — კონტრაქტის. წელიწადში 30 მილიონი ევრო, პლუს ბონუსი გახანგრძლივებისთვის — ასეთ პირობებს მადრიდის რეალი არასდროს და არავის არ აძლევდა. ჟურნალისტების საშუალებით ვრცელდება ინსაიდები: მოლაპარაკებები ჩიხშია, ვინისიუსი უკმაყოფილოა, აღიარებას ხმაურიანი ციფრებით ელოდება და საუდის არაბეთისკენაც იხედება.
ამ ფონზე GQ-სთვის მიცემული პათეტიკური ინტერვიუები უხერხულად გამოიყურება:
ძალიან სერიოზულად ვეკიდები იმას, რომ მისაბაძი მაგალითი ვიყო და სწორი მაგალითი დავანახო სხვებს. ვცდილობ, კონცენტრირებული დავრჩე, თავმდაბალი ვიყო და არ დამავიწყდეს, საიდან მოვდივარ. საბოლოოდ, მინდა ადამიანებს ვაჩვენო, რომ შრომითა და პატივისცემით ყველაფერი შესაძლებელია.
სეზონის დასაწყისში ჩაბი ალონსომ ის სათადარიგოთა სკამზე დასვა და ეს გუნდის ინტერესებით ახსნა. ვინისიუსი მოედანზე სკამიდან გამოდიოდა, ყვითელ ბარათებს იღებდა, ზოგჯერ გოლებსაც იტანდა, რაღაცებს ყვიროდა — ერთხელ მბაპესაც კი მოუწია მისი გაჩუმება. გარემოცვა ნერვიულობდა: ალონსო ვინისიუსს ისე ძლიერად აღარ ენდობა, როგორც ადრე ანჩელოტი.
შეცვლები გულზე ხვდებოდა.
ბოთლებს ისროდა.
კაირატთან მატჩში მოედნის დატოვებისას აღშფოთებას ვერ მალავდა.
და კლასიკოში საბოლოოდ აფეთქდა. მოედნიდან გასვლისას ხელებს იქნევდა და ყვიროდა, რომ ჯობდა მადრიდის რეალიდან წასულიყო. ტექნიკურ ზონასთან ალონსოს ხელი არ ჩამოართვა და პირდაპირ გასახდელში წავიდა. მართალია, შემდეგ დაბრუნდა — როგორც ამბობენ, მეკარეთა მწვრთნელმა დაითანხმა.
ამ შელახული თავმოყვარეობის თეატრში ჩაიძირა ახალი მწვრთნელის შესანიშნავი გამარჯვება მთავარ მეტოქესთან. ყველა ლაპარაკობდა და წერდა მხოლოდ ვინისიუსის ისტერიკაზე.
შემდეგ, რა თქმა უნდა, ბოდიში მოიხადა. მაგრამ ალონსო არ უხსენებია.
დაძაბულობის კვანძი უფრო და უფრო იჭიმებოდა. ვინისიუსი დასაშვები ორთაბრძოლების ზღვარს წევდა. შეგრძნება, რომ ხელიდან უსხლტებოდა არა მხოლოდ „მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის“, არამედ უკვე „რეალში საუკეთესო მოთამაშის“ როლიც კი, შიგნიდან წვავდა.
ვინისიუსი ჩაიძირა ომში მთელი სამყაროს წინააღმდეგ — ომში, სადაც ის მარტო დგას ლა ლიგის 19 კლუბის გულშემატკივრების, მსაჯების, მეტოქეების, ალონსოსა და France Football-ის ხელმძღვანელების პირისპირ.
2025 წელს ვინისიუსი ფსკერზე ამთავრებს. 17 მატჩი გოლის გარეშე, სტვენა სანტიაგო ბერნაბეუზე მორიგი შეცვლის შემდეგ, ოქროს ბურთზე ისეთი დაბალი ადგილი, რომ ბევრს არც კი შეუმჩნევია (მე-16, თუ დავაზუსტებთ).
და მაინც, ვინისიუსი — მინიმუმ ძალიან კარგი ფეხბურთელია. მაგრამ როდის ვილაპარაკეთ ბოლოს მის თამაშზე? განვიხილავდით ლამაზ გოლს ან ასისტს? ვხედავდით დაცვას, რომელიც მისი აჩქარებებით იყო გათელილი? ვტკბებოდით ცივსისხლიანად შესრულებული გოლით, როგორც ჩემპიონთა ლიგის ფინალში ლივერპულის, ან თუნდაც დორტმუნდის წინააღმდეგ?
დიდი ხანია. ძალიან დიდი ხანია.
ამ თავისივე გამოგონილ ბრძოლაში ვინისიუსმა საკუთარი თავი დაკარგა.
მოდრიჩი, კროოსი და ბენზემა წავიდნენ, მაგრამ ვინისიუსმა ვერ შეძლო მათი ჩანაცვლება მადრიდის რეალის მონოლითის როლში, როგორც ამას 2024 წლის ზაფხულში გვპირდებოდა. ის ვერ ჩამოყალიბდა იმ ლიდერად, რომელიც გუნდს ასე სჭირდებოდა.
2025 წელმა აჩვენა, რომ ამისთვის თავად ვინისიუსიც არ არის მზად.

ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები
