არმან ცარუკიანი UFC-ის მიღმა აქტიურობას არ წყვეტს.
მსუბუქი წონის პირველ ნომერს მთავარ ოქტაგონზე გასული წლის ნოემბრის შემდეგ არ უბრძოლია, როცა UFC Qatar-ზე დენ ჰუკერი დაამარცხა. მას შემდეგ სომეხი მებრძოლი სატიტულო შანსს ელოდება, თუმცა უქმად ნამდვილად არ ზის, მან უკვე 11-ჯერ იასპარეზა სხვადასხვა ორგანიზაციაში.
ცოტა ხნის წინ ცარუკიანი Real American Freestyle Wrestling-ში კოლბი კოვინგტონთან დამარცხდა, ახლა კი Hype Fighting-ში მორიგი, რიგით მე-12 ბრძოლა ჩანიშნა. მისი ახალი მეტოქე ინდოელი ფიტნეს-ინფლუენსერი, 7.5 მილიონი გამომწერის მქონე ანკიტ ბაიანპურია იქნება. გრეპლინგის წესებით დაპირისპირება 1 აგვისტოს ერევანში გაიმართება.
პარალელურად, ვრცელდება უმნიშვნელოვანესი ინფორმაცია: ცარუკიანისა და ჩარლზ ოლივეირას რემატჩი BMF ტიტულისთვის ოფიციალურად დადასტურდა! ეს ბლოკბასტერი 19 სექტემბერს, ლოს-ანჯელესში, UFC 331-ზე გაიმართება. ამ წყვილში გამარჯვებული კი უკვე 2027 წლის დასაწყისში ჯასტინ გეიჯის შეხვდება და მსუბუქი წონის უდავო ჩემპიონის ვინაობას გაარკვევს!