ჯეიკ პოლმა UFC-ის პრეზიდენტთან, დანა უაითთან სიტყვიერი ომი განაახლა.
ამჯერად, დაპირისპირების მიზეზი უაითის მიერ ტრადიციული საკრივო ტიტულების მიმართ მკვეთრად შეცვლილი პოზიცია გახდა.
Zuffa Boxing-ის შექმნისას დანა უაითი და მისი გუნდი ჯიუტად ამტკიცებდნენ, რომ კრივის წამყვან მმართველ ორგანოებს არ აღიარებდნენ და საკუთარი ქამრების შემოღებას გეგმავდნენ. თუმცა, სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა, უახლოეს თვეებში პრომოუშენი სწორედ ამ ტრადიციული ტიტულებისთვის რამდენიმე დიდ ბრძოლას გამართავს.
მომდევნო თვეში დუბლინში აარონ მაკკენა ეტინოსა ოლიჰას IBF-ის საშუალო წონის ქამრისთვის დაუპირისპირდება, ცოტა ხანში კი კონორ ბენი რაიან გარსიას WBC-ის ტიტულისთვის შეებრძოლება. მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზაცია ამ დაპირისპირებებს უბრალოდ "მსოფლიო ტიტულისთვის" ბრძოლებს უწოდებს, ფაქტია, რომ უაითმა პოზიცია დათმო და ახლა აცხადებს, რომ ყველაფერი ინდივიდუალურად, მებრძოლების სურვილებიდან გამომდინარე გადაწყდება.
ამ ორმაგმა სტანდარტმა ჯეიკ პოლის ყურადღება მიიქცია. იუთუბერმა, რომელიც ენტონი ჯოშუასთან ნოკაუტით მარცხის შემდეგ კვლავ მსოფლიო ჩემპიონობაზე ოცნებობს, უაითი სოციალურ ქსელში გააკრიტიკა:
ჯერ ამბობდნენ, რომ კრივის სანქცირებადი ორგანოები უნდა გაქრეს და მათზე ცუდს ლაპარაკობდნენ, ახლა კი აქამდე მივიდნენ. სიმართლე ისაა, რომ პრომოუტერებმა და ამ ორგანიზაციებმა ერთად უნდა იმუშაონ, რათა მოკრივეებს მეტი შანსი მისცენ. მთავარი მიზანი მეტი გამჭვირვალობა, თანამშრომლობა და მეტი დიდი ბრძოლა უნდა იყოს