მერაბ დვალიშვილმა, არიელ ჰელვანის LIVE-ში, პიოტრ იანთან დაანონსებული ბრძოლისა და გადატვირთული კალენდრის შესახებ ისაუბრა.
"ეს კარგი ბრძოლა იქნება, ის ყოფილი ჩემპიონია და UFC-ში ბევრი გამარჯვება აქვს მოპოვებული. სანახაობრივი ბრძოლა გამოვა. მასთან კარგად ვარ და, როგორც მებრძოლის მიმართ, დიდი პატივისცემაც მაქვს. ასევე პატივს ვცემ, როგორც ოჯახის კაცს, ლამაზი ოჯახი ჰყავს, შვილები და კარგი მამაა. ყველაფერ კარგსა და ღმერთის მფარველობას ვუსურვებ.
კარგია, დაკავებული ვარ და მზად ვარ, მარტშიც ვიბრძოლო. თებერვალში ავსტრალიური ღონისძიება იქნება და არ მგონია, იქ მონაწილეობის საშუალება მომეცეს - მარტი უფრო რეალური დროა.
არაფრის დაკარგვის არ მეშინია. მომისმინეთ, მე მებრძოლი ვარ. ვიცი, რომ ყველა ამ ბრძოლას ვერ მოვიგებ, მაგრამ პროცესი მიყვარს და, როგორც ვთქვი, როდესაც ბრძოლა მაქვს, უფრო კონცენტრირებული ვარ, უფრო ჯანსაღი ცხოვრების წესით ვცხოვრობ და გაუმჯობესება მსურს", - განაცხადა მერაბმა ჰელვანის LIVE-ში.
მერაბ დვალიშვილისა და პიოტრ იანის რიგით მე-2 ბრძოლა UFC 323-ზე, 6 დეკემბერს შედგება და ღონისძიების მთავარი მოვლენა იქნება.
დვალიშვილი და იანი პირველად ერთმანეთს 2023 წლის 11 მარტს შეხვდნენ - ქართველმა რუსს მსაჯების გადაწყვეტილებით მოუგო. იანი მას შემდეგ ოქტაგონზე 3-ჯერ გავიდა და სამივე ბრძოლა მოიგო - იანდონთან, ფიგეირედოსთან და მაკგისთან.
პიოტრს UFC-ში 19 გამარჯვება და 5 მარცხი აქვს, მერაბის ანგარიშზე 21 მოგება და 4 წაგებაა.